„გულიდან წამოსული პეპლები ფორმებს ხელებს გადასცემენ, ხოლო ხელები ისე ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას, რომ მე ვერც კი ვხვდები“….

12 წლისაა და უკვე მიიპყრო ყურადღება, როგორც საინტერესო ხედვის მხატვარმა.
თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა. პარალელურად თავისუფალ დროს ფერად სამყაროს ქმნის და ჩვენც გვამოგზაურებს. ხვეულებით ამბობს სათქმელს. ამავდროულად, წერაც უყვარს, სოციალურ ქსელში მისი ჩანახატებიც გამოჩნდა. მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურულ სახელოსნოში დადის… მესამე კლასიდან წერს. – მარიამ სონგულიას პერსონა.

– ადრეული ბავშვობიდან ხატავ. დედა – შორენა მიქიაშვილი თვითნასწავლი ხელოვანია… ამანაც მოახდინა ალბათ გავლენა?
– დედიდან გადმომეცა ალბათ გენეტიკურად, მაგრამ, ვფიქრობ, მისი გავლენა  არ მაქვს… დედა, ძირითადად, პორტრეტისტია, მე ჩემი ფანტაზიით ვხატავ… ფურცლებზე ჩემი ფიქრები და ემოციები გადამაქვს.
–  რომელი წლიდან დაიწყე ხატვა? პირველი ნახატები?
– ერთი წლიდან… რაც ფანქრის დაჭერა ვისწავლე, მას მერე ვხატავ, ამიტომ  არ მახსოვს ჩემი პირველი ნახატი.
– პირველი მხატვარი, ვისი შემოქმედებაც გაიცანი…
– პირველად ვან გოგის ნახატებს გავეცანი, ძალიან მომეწონა მისი ხატვის სტილი და ფერები…
–  ვალდორფის თავისუფალ  გერმანულ სკოლაში, მე-7 კლასში სწავლობ. როდის ხატავ? დროს როდის ნახულობ?
– შეიძლება ოდნავ უცნაური იყოს, მაგრამ როგორც კი ხატვა მომინდება, მაშინვე ვიწყებ, ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, სკოლის შემდეგ… დავალებებსაც ვასწრებ,  სკოლაშიც ვხატავ, შესვენებებზე…
ერთხელ სკოლაში, შესვენების დროს ხატვა მომინდა, ვფიქრობდი, რომელიმე გრძნობის სახელი ჩამექსოვა ნახატში, რომ ის თვალისთვისაც ხილული ყოფილიყო, ვერაფერი მოვიფიქრე და ამ დროს დავინახე ჩემი ერთ-ერთი კლასელი, გადავწყვიტე მისი შინაგანი სამყაროს დახატვა, რათა გამომეცნო, როგორი იყო სინამდვილეში. შევარჩიე მწვანე ფერი, რადგან ის ადამიანი ამ ფერს ატარებს. ეს ჩემთვის განსხვავებული რამ იყო, რადგან მე სხვის სახლს ვხატავდი, სადაც ის ადამიანი არ თამაშობდა არანაირ მარიონეტს და მაჩვენებდა თავის სახეს.
–  ხვეულებით ხატავ ფერად და მხიარულ ნახატებს. რატომ ხვეულები?
– ერთხელ დავფიქრდი, გრძნობების დახატვა მხოლოდ რეალურ ფორმებზე დაყრდნობით არ შეიძლებოდა, ყველა ემოციას თავისი ფორმა უნდა ჰქონოდა… ჰოდა, ავდექი და მარტივი ფიგურებით დავიწყე ხატვა, როგორიცაა წრე, სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ხვეულები, ხაზები და ა.შ.
წრეებს ყველა ნახატში ვიყენებ, რადგან ამით ვკრავ ნახატს და მათში ვდებ სიბრაზეს, სევდას, ბედნიერებას და კიდევ ბევრ რამეს… წრეები იმას უჩვენებენ ადამიანებს, რაც თვითონ სურთ.
– სათქმელი… შთაგონებას მოაქვს?
– ჯერ მუზა მომდის, შემდეგ ფიქრებს ერთ ტომარაში ვკრავ, ხატვის პროცესი რომ არ მომბეზრდეს და ნახატში გრძნობის ჩადება შევძლო… თორემ ფიქრები ხელს მიშლის…
გულიდან წამოსული პეპლები ფორმებს ხელებს გადასცემენ, ხოლო ხელები ისე ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას, რომ მე ვერც კი ვხვდები….
– სულის თვალი – როგორ ფიქრობ, რა არის?
– ვფიქრობ, ეს ის თვალია, რომელიც წინ მიგიძღვის… ჩემთვის ეს ჯერ მხოლოდ თეთრ ფურცელზე დაწერილი სიტყვაა, როცა მინდა ჩავუღრმავდე, ნაცრისფერი ფერის გარდა ვერაფერს ვხედავ, ალბათ ეს იმიტომ, რომ მისი განმარტება მე უნდა გავაცნობიერო, ან იქნებ სულაც ამ სიტყვების მნიშვნელობა ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია…
ყველას თავისი ფორმა და ფერი აქვთ, რითაც საკუთარი თავის საიდუმლოებებს გვიმხელენ…
– რამდენ ხანს ხატავ ერთ ნახატს?
– ერთ ნახატს ორ, სამ დღეს ვანდომებ, ძალიან ცოტა ნახატი მაქვს ისეთი, რომელიც ერთ დღეში დამიმთავრებია. ვხატავ: აკრილით, აკვარელით, ფანქრებით, მარკერებით, ზეთითაც მაქვს დახატული.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი ხატვა, წერა და ცურვაა… ეს სამი რამ ჩემთვის განსაკუთრრბულად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩემი ჰობები ერთმანეთთან რაღაც კავშირშია,  განსაკუთრებით – ხატვა და წერა… თუმცა მე სამივე ჰობი ერთნაირად მიყვარს…
–  სკოლაში რომელი საგნები გიყვარს? თუ ფიქრობ, რომ სამომავლოდ, გააგრძელებ და გაჰყვები ხატვას?
– სკოლაში ყველა საგანი მიყვარს… არ ვიცი, როგორ, მაგრამ ჩემი სკოლის გაკვეთილები თავიანთ ბადეში მახვევს… მასწავლებლების თბილ და ტკბილ საუბარს სულგანაბული ვუსმენ… ვფიქრობ, ხატვას გავაგრძელებ, მაგრამ არ მინდა, რომ ეს იყოს ჩემი პროფესია, მინდა ჰობად დარჩეს… ვნახოთ, არ ვიცი… ჯერჯერობით ასე ვფიქრობ…
– ამჟამად რას ხატავ?
– ვხატავ სამი სხვადასხვა ქალის ლარნაკს… განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი, რომ მოვრჩები, მერე ვნახოთ…
– ოჯახი როგორ გეხმარება, რომ ხატვისას ხელს არაფერი გიშლიდეს?
– შეძლებისდაგვარად, მიწყობენ ოჯახის წევრები ხელს ხატვაში, როგორც მრავალშვილიან ოჯახს შეეფერება… ხშირად ხმაურიან გარემოში მიწევს მუშაობა, მიუხედავად ამისა, ხატვის დროს ვცდილობ სრულ  კონცენტრაციას… კიდევ ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ თებერვლის ბოლოს პერსონალური გამოფენის გამართვას ვაპირებ…


მარიამ სონგულიას ჩანახატები:

ბებოს მოქსოვილი ხალიჩა ბებოს ამბებს ყვება

ახლა ბებოს მოქსოვილ ხალიჩას ვუყურებ და ვაკვირდები. ასე მგონია, ბებო იმდენ ხანს ქსოვდა ამ ხალიჩას, თავისი ცხოვრების პატარა ჩანახატები შემთხვევით ჩააქსოვა.
….

შემოდგომის კინოკადრი

შემოდგომაა… მშვენიერი და გრძნობებით აფეთქებული მშვენიერი დროა. ფერადი ფოთლები, წვიმით დასველებული, ჭაღარაშერეული ბალახი, ბეღურების სიმღერა და მონაცრისფრო ცა. მათ ჩემი ფიქრები დაჰკრავს…

განწყობა

სიჩუმე ჟღერს, სიბნელე ყვავის.. დრო გზას მიჰყვება, მაგრამ მე ერთ ადგილს ვტკეპნი. იდუმალება მიპყრობს. მხოლოდ პეპლებივით მოფარფატე ფიქრებს შეუძლიათ იმის მოყოლა, რაც ჩემში მყოფი ყვავილების ნაამბობიდან მოაქვთ.. მაგიდაზე ცარიელი ფურცელი და ნახევრად გამომშრალი კალამი დევს…. მე კი ერთ ადგილს ვტკეპნი.

შენი რვეულიდან რამე წამაკითხე! იცოდე, რომ მე შენ ყოველთვის გაგიგებ, შეგიძლია ნებისმიერი რამ მითხრა, თუ რამე გაწუხებს და ადამიანი არ გყავს, ვისაც გულს გადაუშლი. იცოდე, რომ მოგისმენ, მხოლოდ მომიყევი, ყველაფერს შევინახავ ღრმად და ძალიან თბილად… უბრალოდ, მენდე და სევდის რვეულის კითხვა დაიწყე… წარმოიდგინე, რომ ამ მოგონებებს და გრძნობებს ზღვას ატან… იცოდე, რომ მე შენ ყოველთვის გაგიგებ და მოგისმენ… ყოველთვის….

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები