ალასანია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის მთავარსარდლის ფუნქცია გარანტირებული იქნება
პრეზიდენტის ფუნქცია, როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარსარდლის, გარანტირებული იქნება – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ტავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა. ალასანია მიიჩნევს, რომ რიგ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა, რათა ის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს, აუცილებელია.
“იცით, რომ 2010 წელს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და შეიცვალა კონსტიტუცია. კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის კანონები, სხვადასხვა ნორმატიული აქტი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის ფუნქცია, როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარსარდლის იქნება გარანტირებული. ეს არის ყველას სურვილი და ასეც უნდა მოხდეს. უბრალოდ, ჩემი აზრით, მეტი სიცხადე შევა კანონმდებლობაში იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის უფლებამოსილების გადანაწილება”, – განცხადა ალასანიამ.