სალომე ზურაბიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ეხმიანება.
“ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში, მან მომხდარზე მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს.
თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, წუხელ გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.