„ტალინის დეკლარაცია“ – ევროპის 9 ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც უკრაინის უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას გულისხმობს
ევროპის ცხრა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა 19 იანვარს გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს „ტალინის დეკლარაციას“, რომელიც შეიცავს უკრაინის შემდგომ სამხედრო დახმარებას რუსეთის ფედერაციასთან ომის ფონზე.
უკრაინული მედიის ცნობით, დეკლარაციას ხელი მოაწერეს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ასევე ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, დანიის, ნიდერლანდების, სლოვაკეთის და ჩეხეთის წარმომადგენლებმა.
დოკუმენტის ხელმომწერები გმობენ „რუსეთის თავდასხმებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხის დატერორებას, კერძოდ, მიზანმიმართულ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რაც შეიძლება იყოს ომის დანაშაული“.
„ერთად გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, უკრაინის მიწიდან რუსული ჯარების განდევნაზე გადასვლაში. ალიანსის წევრებისა და პარტნიორების ძალისხმევის შეერთებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გლობალური სამხედრო მხარდაჭერა იყოს მაქსიმალურად სტრატეგიული და კოორდინირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც დოკუმენტის ხელმომწერები აღნიშნავენ, უკრაინის მხარდაჭერის ახალი ეტაპი მოითხოვს ტანკების, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის უზრუნველყოფას.
„აქედან გამომდინარე, პირობას ვდებთ, რომ ერთად გავაგრძელებთ უპრეცედენტო დახმარებას, კერძოდ, გადავცემთ მთავარ საბრძოლო ტანკებს, მძიმე არტილერიას, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, საბრძოლო მასალებს და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს უკრაინის დასაცავად“, – ხაზს უსვამენ „ტალინის დეკლარაციის“ ხელმომწერები.