საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტის მოყვანა იკრძალება
საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტის მოყვანა აიკრძალება. როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, თუკი რომელიმე პროდუქტის თესლი, ჩითილი, ნერგი, ან ბოლქვი შეიცავს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, მისი საქართველოში მოყვანა აკრძალული იქნება. სათანადო კანონპროექტი მთავრობამ უკვე მოამზადა და ის პარლამენტში ინიცირებულია.
საქართველოში მომხმარებლებისთვის პროდუქციის შემადგენლობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას მწარმოებლებს “ეტიკეტირების შესახებ“ კანონი ავალდებულებს. უფრო კონკრეტულად კი, თუ სურსათი შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ კომპონენტებს და მისი წილი სურსათის საერთო მასის 0,9%-ზე მეტია, ეტიკეტზე მისი აღნიშვნა აუცილებელია. თუ სურსათი შეიცავს მხოლოდ ერთ გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტს, წარწერა – ”გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი” (გმო) მითითებული უნდა იყოს სურსათის დასახელებასთან ახლოს. ხოლო თუ შემადგენლობაში შედის ორი ან მეტი ინგრედიენტი, რომელთაგან ერთ-ერთი გენმოდიფიცირებულია, წარწერა ”გმო” უნდა განთავსდეს გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის გასწვრივ. ”გმო”-ს შემცველი დაუფასოებელი სურსათი, რომელიც განკუთვნილია საცალო ვაჭრობისთვის, უნდა შეიცავდეს წერილობით საინფორმაციო ჩანართებს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან მწარმოებლებზე ეტიკეტირების წესების დარღვევისთვის 400 -ლარიანი ჯარიმა მოქმედებს, იგივე ქმედება, ჩადენილი 1 წლის განმავლობაში, 1200 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს. საქართველოში ამ დრომდე არ არსებობდა ლაბორატორია, სადაც პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობის დადგენა იქნებოდა შესაძლებელი.
როგორც პორტალ „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსმა კახა სოხაძემ განუცხადა, საქართველოში ერთ-ერთმა ლაბორატორიამ ამ სფეროში აკრედიტიაცია გაიარა და, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ ლაბორატორიაში მოხდება პროდუქტის ლაბორატორიული კონტროლი.
“საქართველოში არ არსებობდა ისეთი ლაბორატორია, რომელიც იმ სურსათის ინდენტიფიცირებას დაადგენდა, რომელიც შესაძლოა, გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავდეს. ამ სფეროში ერთ-ერთმა ლაბორატორიამ „quality lab“-მა აკრედიტაცია უკვე გაიარა, მეორე ლაბორატორიაც გადის აკრედიტაციისთვის დაწესებულ პროცედურებს. ტექნიკური საკითხები დარჩა მოსაგვარებელი და, ვფიქრობ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხსენებულ ლაბორატორიაში მოხდება კვლევები საჭიროების შემთხვევაში, ეს ყველაფერი კეთდება მომხმარებლებისთვის“,- განუცხადა “კვირას“ კახა სოხაძემ.
სოხაძის თქმით, მსგავსი სახის ლაბორატორიით ეფექტურად მოხდება მწარმოებლზე კანონით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელება და, თავის მხრივ, მომხმარებელი დაცული იქნება შეცდომაში შეყვანისგან. სოხაძე ეკოლოგიური კომპანია „Green peace“-ის კვლევასაც გამოეხმაურა. „Green peace“-მა მომხმარებლებისთვის გზამკვლევი გამოსცა, სადაც ის კომპანიებია დასახელებული, რომლებიც პროდუქციის წარმოებისას გენმოდიფიცირებულ ნედლეულს იყენებენ. „Green peace“ -ის კვლევის შედეგად, შავ სიაში მოხვდნენ ისეთი მსხვილი მწარმოებლები როგორიცაა: “ნესტლე“, “კოკა-კოლა“ “პეპსი“ “მაკდონალდსი“ და სხვა დიდი მწარმოებლები. სოხაძის განცხადებით, „Green peace“ არ არის ოფიციალური ინფორმაციის წყარო და მის საფუძველზე სურსათის ეროვნული სააგენტო ამა თუ იმ მწარმოებლის წინააღმდეგ სამართლებრივ დასკვნას ვერ გამოიტანს, თუმცა მისივე თქმით, შეფასებისას მხედველობაში მისაღებია.
„Green peace“ ეს არ არის ოფიციალური ინფორმაციის წყარო და მის საფუძველზე სურსათის ეროვნული სააგენტო ამა თუ იმ მწარმოებლის წინააღმდეგ სამართლებრივ დასკვნას ვერ გამოიტანს, თუმცა შეფასებისას მხედველობაში მისაღებია. სურსათის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო გამოცდილების და სხვა შეფასებითი საქმიანობის საფუძველზე დაადგენს სურსათის ინდენტიფიცირებას, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს“,-აღნიშნა სოხაძემ.
“მომხმარებელთა ფედერაციის“ თავმჯდომარის მადონა კოიძის განცხადებით, სხვადასხვა სავაჭრო ქსელში ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სარეალიზაციოდ გამოტანილ პროდუქტზე ინფორმაცია, რომ ნაწარმი გენმოდიფიცირებული ნედლეულისგანაა დამზადებული, დატანილი არ არის.
“ბოლო პერიოდში სხვადასხვა სავაჭრო ქსელში კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სარეალიზაციოდ გამოტანილ პროდუქტზე ინფორმაცია, რომ ნაწარმი გენმოდიფიცირებული ნედლეულისგანაა დამზადებული, დატანილი არ არის. ეს ეხება, როგორც ადგილობრივი წარმოების პროდუქციას, ასევე იმპორტირებულ საქონელსაც. თუმცა მომხმარებლების მოსაზიდად პროდუქტზე დატანილია წარწერა, რომ ნაწარმი გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტს არ შეიცავს. ეს კარგი მარკეტინგული გათვლაა“, – განუცხადა “კვირას“ მადონა კოიძემ.
მარიამ ზედგინიძე