ჯო და ჯილ ბაიდენები ბროვარიში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამენ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილი ბაიდენი უკრაინის ქალაქ ბროვარიში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამენ და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
„მე და ჯილი ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ვერტმფრენის ტრაგიკული კატასტროფის შედეგად, უკრაინაში დღეს დილით დაღუპულთა ოჯახის წევრების, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკისა და სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნების მიმართ. გული გვტკივა ათობით მშვიდობიან მოქალაქეზე, რომლებიც დაიღუპნენ ან დაშავდნენ, მათ შორის ძვირფასი ბავშვები და მათი ოჯახები. ვწუხვართ ყველა მათგანთან ერთად, ვინც გლოვობს ამ ტრაგედიას.
ბატონი მონასტირსკი და მისი გუნდი ღრმად იყვნენ ჩართულნი უკრაინის დემოკრატიის შენარჩუნებაში – როგორც რუსეთის აგრესიისგან დაცვაში, ასევე უკრაინის ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით რეფორმების სასიცოცხლო მნიშვნელობის მუშაობაში. რეფორმატორი და პატრიოტი, ბატონი მონასტირსკი იცავდა უკრაინელი ხალხის ნებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, აშშ უკრაინის ინსტიტუციების გაძლიერებას კვლავ გააგრძელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის კუთვნილი ვერტმფრენი, Super Puma AS 332 უკრაინის ქალაქ ბროვარიში, დღეს დილით, საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი, ხოლო დაშავდა 25 ადამიანი, მათგან 11 ბავშვი.
დაღუპულთა შორის არიან უკრაინის შს მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე, ევგენი იენინი და შსს-ს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი.