უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულებულია
უკრაინის ქალაქ ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„15:45 საათისთვის ქალაქ ბროვარში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. სულ დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი, დაშავდა 25 ადამიანი, მათგან 11 ბავშვი“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის კუთვნილი ვერტმფრენი, Super Puma AS 332 უკრაინის ქალაქ ბროვარიში დილით, საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა.
კატასტროფის შედეგად დაღუპულია უკრაინის შს მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე, ევგენი იენინი და შსს-ს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამის უწყებებს ავიაკატასტროფის გამოძიება დაავალა, და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. მან მომხდარს ქვეყნისთვის “შავი დილა” უწოდა.