კულტურის სამინისტრო ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
კულტურის სამინისტრო საქართველოს სახალხო არტისტის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის, გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის ხსოვნასა და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
“Ბუბა კიკაბიძე 1938 წელს დაიბადა. იგი გახლდათ ყველასათვის საყვარელი მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი.
1959-1965 წწ. ბუბა კიკაბიძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წწ. კი – უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი; მღეროდა ანსამბლებში: „დიელო” და „რერო”; 1967 წლიდან იყო ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას” სოლისტი.
ბუბა კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. შესრულებული აქვს ფილმებში შემდეგი როლები: გია („შეხვედრა მთაში”, 1966), ბენჟამენ ღლონტი („არ დაიდარდო”, 1968), გიორგი მიქელაძე („მე, გამომძიებელი”, 1971), პავლე („ვერის უბნის მელოდიები”, 1973), ვალიკო მიზანდარი („მიმინო”, 1977), ვახტანგი, დავითი, გივი, მუსიკოსი („იცოცხლე გენაცვალე”, 1981) და სხვა; დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: „იცოცხლე გენაცვალე” (1981), „მამაკაცები და სხვები”(1985);
2020წ.
Ბუბა კიკაბიძეს მრავალფეროვანი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე მიღებული აქვს არაერთი პრემია თუ ჯილდო. 1969 წელს მიიღო საერთაშორისო კინოფესტივალის „კარტახანი -70″ პრემია, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო”; 1978 წელს სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ფილმისთვის „მიმინო”. 1980 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1995 წლიდან არის ღირსების ორდენის კავალერი. ასევე, მიღებული აქვს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენები; წმინდა კონსტანტინეს რაინდთა ოქროს ჯვრის საერთაშორისო ორდენი. 1998 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. მსახიობი გახლდათ საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და ლეონიდ უტიოსოვის სახელობის პრემიის ლაურეატი; უკრაინის დამსახურებული არტისტი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის ხსოვნასა და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს”,- ნათქვამია განცხადებაში.