„ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით ადამიანების ცხოვრებაში მზე და სითბო შევიტანოთ“ – პოეტი და ხელოვანი, „მზის თეატრის“ ახალი წელი და ხიდი – ჩვენებურებთან

ჟურნალისტი, პედაგოგი, ხელოვანი და ქველმოქმედია; გამომცემლობა „უქიმერიონის“ დირექტორი და მთავარი რედაქტორი, 2009 წელს დააფუძნა ხელოვანთა საზოგადოება „მზის თეატრი“ და დღემდე მისი პრეზიდენტია.
„მზის თეატრის“ ეგიდით  ასობით კულტურული, საგანმანათლებლო, ეკოლოგიური და სხვა შინაარსის ღონისძიება გაიმართა. „მზის თეატრი“ ხშირად იყო საქველმოქმედო ღონისძიებათა ორგანიზატორიც.
ამის გარდა, არის სამკაულებისა და აქსესუარების თვითნასწავლი დიზაინერი, ქმნის თოჯინებს, მისი ყოველი პერსონალური გამოფენა-გაყიდვა ხმარდება ქველმოქმედებას, მონაწილეობს საერთო გამოფენებშიც.
კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობები დაამყარა თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან – „ჩვენებურებთან“, გასულ წელს ქალაქ ბალიქესირში ქართული ენისა და წერა- კითხვის შემსწავლელ ერთ-ერთ ჯგუფს უსახსოვრა ასზე მეტი წიგნი, ქართული „დედა ენა“ იაკობ გოგებაშვილის მიხედვით და ქართული წერა-კითხვის შესწავლისთვის საჭირო სხვა დამხმარე ნივთები. არის ამ ორ ქვეყანაში კულტურისა და ხელოვნების გამავრცელებელი.
მის ლექსებზე  კომპოზიტორებმა შექმნეს სიმღერები. თავადაც  40-მდე სიმღერის ავტორ-შემსრულებელია. სიმღერებს წერს როგორც საკუთარ, ასევე სხვა ავტორთა ლექსებზე.
დაჯილდოებულია პრემია „მეგათი“, კულტურასა და წიგნის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;  ტიტულით „პერსონა“;  ასევე წლის ტიტულით – ლიდერი და ინოვატორი ადამიანი 2022“. – ჟურნალისტის, პედაგოგისა და ხელოვანის, ნათია ჯიმშელეიშვილის პერსონა.

 – ჟურნალისტური და საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება ადრეული წლებიდან მიიღეთ. როგორ დარჩა ეს პერიოდი თქვენს მახსოვრობაში?
– ორი ისეთი პროფესია ავირჩიე, რომლებიც, ვფიქრობ, ადამიანებთან მართალი და ჯანსაღი  ურთიერთობისთვის სიზუსტით გადმოცემულ რეალობას მოითხოვს.
პედაგოგი სწორედ სიზუსტით უნდა აწვდიდეს აღსაზრდელს როგორც სასწავლ მასალას, ასევე მისდამი ემოციურ დამოკიდებულებას, ჟურნალისტი კი, უმნიშვნელოვანესია, იყოს ობიექტურობაზე და მისხალ-მისხალი სიზუსტით გადმოცემულ სიმართლეზე ორიენტირებული, რადგან ის იმ  საზოგადოებას კვებავს ინფორმაციულად და ემოციურად, რომელიც ქმნის ერს.
ადრეული ასაკიდან დღემდე ჩემი ჟურნალისტური „მოღვაწეობა“ არ არის კონკრეტული ჟურნალის, სტატიის, სიუჟეტის და სხვა მასალის მომზადება. ჩემთვის ეს პროფესია ყველგან, ყოველთვის და ყველაფერშია. ეს არ არის როლი, რომელშიც შედიხარ და გამოდიხარ, თუ ჟურნალისტი ხარ, აქტიური, თუნდაც პასიური, აზროვნებ და გადმოსცემ,  ნებისმიერ შემთხვევაში, ობიექტურად და არა პირიქით.
–  2006 წლიდან დღემდე გამომცემლობა „უქიმერიონის“ დირექტორი და მთავარი რედაქტორი ხართ. ეს არის გამომცემლობა, რომელიც საბჭოთა საქართველოსქუთაისის ფილიალის ბაზაზე შეიქმნა და რომელსაც 2021 წელს 100 წელი შეუსრულდა.
– გამომცემლობა „უქიმერიონი” ჩემი უცაბედი ტრამპლინი იყო, მეც არც ისე გამოცდილმა ახალბედა რედაქტორმა წონასწორობის შენარჩუნება ვცადე და საამისოდ შევქმენი ის, რაც იქნებოდა ამ ტრამპლინზე სიმყარის საშუალება და ვთვლი, რომ ეს იყო პირველი საბავშვო გაზეთი „მიმინო”, შემდეგი კი – სერიული ახალგაზრდული შემოქმედებითი გამოცემა „თაობა” და მესამე, ასევე სერიული ალმანახი „არტ ერანი”.
ხელოვანთა საზოგადოება მზის თეატრის“ პრეზიდენტს სათქმელი ბევრი გექნებათ ასობით კულტურული, საგანმანათლებლო, ეკოლოგიური და სხვა შინაარსის ღონისძიების შესახებ.  „მზის თეატრი“ ხშირად მართავს საქველმოქმედო ღონისძიებებსაც…
– შემოქმედებითი საზოგადოება „მზის თეატრი” 2009 წლიდან არსებობს. იგი ჩემი ერთ-ერთი ლექსის სათაურია და ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით ადამიანების ცხოვრებაში მზე და სითბო მეტი დოზით შევიტანოთ. რაც შეეხება საქველმოქმედო ღონისძიებებს, ძალიან ბევრი კადრებად  ამომიტივტივდა, ამჟამად ერთ მრავალწახნაგოვანს გავიხსენებ: 3 მარტს – „დედის დღესთან” დაკავშირებით ქუთაისში, დიმიტრი ნაზარიშვილის სახლ-მუზეუმში, გაიმართა კულტურული ღონისძიება დედებისთვის და შვილებისთვის, სადაც იყვნენ სხვადასხვა სტატუსის მქონე დედები. მათთვის ჩატარდა კულტურული ღონისძიება, მათთვის ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები ინდივიდუალური და საერთო, მათთვის სხვადასხვა მსხვილმა კომპანიამ შემოგვწირა და თავად დაარიგეს მრავალფეროვანი  და საკმაო რაოდენობის პროდუქტი.
– კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობები გაქვთ თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან, „ჩვენებურებთან“, იკვლევთ მათ ისტორიულ წარსულს. გასულ წელს ქალაქ ბალიქესირში ქართული ენისა და წერა-კითხვის შემსწავლელ ერთ-ერთ ჯგუფს უსახსოვრეთ ასზე მეტი წიგნი, ქართული „დედა ენა“ იაკობ გოგებაშვილის მიხედვით და ქართული წერა-კითხვის შესწავლისთვის საჭირო სხვა დამხმარე ნივთები…. იოლი არ იყო იქ წიგნების ჩატანა…
– თურქეთელ ქართველებთან ურთიერთობა, ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი „მისიაა”. ურთიერთობები, ტაო-კლარჯეთიდან დაწყებული, თურქეთის სხვადასხვა ქალაქში დასახლებულ  ქართველებთან მაქვს. ვცდილობ, ჩვენ შორის ხიდი იყოს კულტურული ურთიერთობები. ჩვენი ურთიერთობები მეტად ღრმავდება და ყოველ ჯერზე უფრო საინტერესო ფაზაში შედის, რაც, ვფიქრობ, სამომავლოდ ეროვნული ხასიათის ხაზს ქმნის. ჩვენს ურთიერთობაში მთავარი „სისხლის ყივილია”, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც სისხლი ითხოვს.
არა მხოლოდ იკვლევთ თურქეთში მოღვაწე ქართველების ოჯახურ ისტორიებს, არამედ დაწერეთ ლექსების ციკლი „ჩვენებურებზე“. ლექსების ორი კრებულის ავტორი ხართ…  „ლექსი კედელზე“ პროექტის ფარგლებში ორი ლექსი განთავსდა ქუთაისში სხვადასხვა უბნის ორ ფასადზე, არაერთ კომპოზიტორს შეუქმნია სიმღერა. სიმღერებს წერთ როგორც საკუთარ, ასევე სხვა ავტორთა ლექსებზე… ლექსი და სიმღერა თქვენს ცხოვრებაში?
– გავიხსენებ ერთ-ერთი პირველი ლექსის ისტორიას „ჩვენებურები”.
2014 წელს ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართა შემოქმედებითი საზოგადოება „მზის თეატრის”  ხუთი წლის იუბილე, რომელსაც საპატიო სტუმრებად ესწრებოდნენ სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის თანადამფუძნებლები, თურქეთელი ქართველები,  ქალბატონი სეზენ გონენჩ-ოკჯანი და ბატონი ორჰან ბერიძე. ბატონმა ორჰანმა სცენაზე წაიკითხა ფრიდონ ხალვაშის ცნობილი ლექსი „მემლექეთი”, სწორედ მაშინ კულისებში ამ ლექსის საპასუხოდ დაიწერა ლექსი „ჩვენებურებს”, რომელიც მთავრდება სიტყვებით „მერე რა, თუ თქვენი ცა ჩვენგან შორს არი”.
– მრავალმხრივ მოღვაწეობასთან ერთად ხართ სამკაულებისა და აქსესუარების დიზაინერი. ქმნით ულამაზეს სამკაულებს… სათამაშოების კოლექციას… როგორ იქმნება ეს ხელნაკეთები?
– მადლობა უფალს, შემოქმედებით უნარებს სხვადასხვა კუთხით მაზიარა. ბავშვობიდან აღმომაჩნდა აქსესუარების კეთების უნარი, ღრმა ბავშვობიდან, ძირითადად სამკაულების, შემდეგ კი თოჯინების, სარკეების  და არა მარტო…
დრო? დრო რაკი უძვირფასესი რამ არის, ამ დროის მთავარ ნაწილს სწორედ უძვირფასეს საქმეს  – შემოქმედებას ვახმარ. აქსესუარებზე მუშაობა, ამავდროულად, ჩემთვის განტვირთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესია.
ჩემი სამკაულების გასაჩუქრება ძალიან მიყვარს. მას ატარებს რამდენიმე ცნობილი პერსონა: ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნატა გულიაშვილი, პოეტი მაყვალა გონაშვილი, მსახიობი მარიკა სამანიშვილი, მუსიკოსი და ჯგუფ „ერეკ-ლეონის” ერთ-ერთი წევრი ერეკლე დიდია და ა.შ
სამკაულების შექმნის საინტერესო ამბებიდან ერთს გავიხსენებ: რამდენიმე წლის წინ ქუთაისში გვსურდა ისეთი სამკაულების ჩვენების გამართვა, რომელსაც სიამოვნებით მივუძღვნიდი ჩვენთვის სასურველ ცნობად ქალბატონს. ეს ჩვენება არ შედგა, თუმცა შევქმენი ყელსაბამი, რომლის მუზაც გახლავთ ტელეწამყვანი, პროდიუსერი და ჩემთვის უძვირფასესი ქალბატონი მაია სტეფნაძე.
დღემდე ვერ გადავეცი ქალბატონ მაიას ეს სამკაული, მაგრამ ვგეგმავ, აუცილებლად დაამშვენოს ისედაც მშვენიერი ქალბატონი.
– საზოგადოება „ქუთაისელის“ წევრი ხართ. აქტიურად მოღვაწეობთ საზოგადოებრივ ასპარეზზე… თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეჰმატებდით თქვენს ქალაქს?
– ქუთაისი ყოველთვის იყო და  ცნობილია გამორჩეული საზოგადოებით. ასე მგონია, ქუთაისელი ყველა კუთხის ადამიანებს შორის იცნობა გამორჩეული ინტელექტუალური შარმით. ძალიან ბევრი რამ უცვლელად „თავისი” აქვს ჩვენს ქალაქს და და მგონია, „ქუთაისელობას” ვერ ისწავლი….
მოკლედ, ამდენი თვითმყოფადობის მიუხედავად, ძალიან ბევრ რამეს შევმატებდი, მათ შორის  ისეთ საწარმოო საქმიანობებს ნებისმიერ სფეროში, რაც სიცოცხლეს მეტად მისცემდა ქალაქს და შემოსავალსაც.
– 2019 წელს დაგაჯილდოვეს პრემია „მეგათი“ – კულტურაში და წიგნის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ასევე მფლობელი ხართ  „პერსონა – 2021“-ის ტიტულის,  რეგიონში კულტურისა და შემოქმედების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის… ლიდერი და ინოვატორი ადამიანი 2022“ წლის ტიტულით დაჯილდოვდით…
– ჯილდო ზოგისთვის ფარატინა ფურცელია, ზოგისთვის – დიპლომი, ჩემთვის ნებისმიერი ჯილდო სიყვარულის გამომხატველია, რომელსაც ძალა აქვს, შემახსენოს ის კი არა – რა ვაკეთე, არამედ ის, თუ რა მაქვს საკეთებელი.
ჯილდო, ჩემი  აზრით, საქმის და მოღვაწეობის გვირგვინი არ არის, პირიქით, იმავე საქმის უფრო განსავითარებლად გვირგვინით დაწყებული გზაა, რადგან ნებისმიერ საქმეს სჭირდება ახალი სიცოცხლე, რადგან არასდროს არ უნდა იგრძნო თავი მწვერვალზე, პირიქით… ჯილდო არ არის  დამსახურებული… ის ჩემთვის წამახალისებელია, იგი მუდმივად უნდა ჩათვალო დამავალდებულებელ სიმბოლოდ, რათა შენი თავისა და საზოგადოების წინაშე უფრო მეტი აკეთო.
–  საახალწლო საქველმოქმედო აქცია გქონდათ… ახალ წელს როგორ შეხვდებით?
– ვფიქრობ, ახალი წელი დღესასწაულია, როგორც სიხარულის და სიკეთის  მიღების, ასევე – მათი გაცემის.  ყოველთვის ვცდილობ, არ გამოვტოვო არცერთი ახალი წელი, რომ ჩემს მთავარ წვლილთან ერთად მეგობრებსაც არ მივცე სიკეთის და სიყვარულის გაცემის საშუალება. ამ წვლილით 2023 წელსაც მცირე სიხარულს შევიტანთ ძველით ახალ წელს რამდენიმე ოჯახში.
 ოჯახი…
– ჩემთვის ოჯახი მთავარი „ტაძარია“, სადაც სიმშვიდეც არის და ფორიაქიც. მე მხოლოდ ჩემს ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ და ეს მთელი სამყაროა სიდიდით და ტევადობით.
– ჰობი…
– ჰობი  ჩემთვის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მუსიკალური განათლების არ მქონესგან სხვის ლექსებში მელოდიების აღმოჩენა და მათი წამღერებაა. ამღერებას ვერ დავარქმებ, რადგან ძალიან პროფესიონალურად ჟღერს, თუმცა ვერ გეტყვით, რომ არ გამომდის. მადლობა უფალს, ესეც მშვენივრად შემიძლია და, როგორც ჰობი, ძალიან მაბედნიერებს.
–  სამომავლო გეგმები…
– გეგმები სულ მაქვს, იდეები არ მასვენებს და შემდეგ მალევე გეგმებად ვაქცევ ხოლმე, საგაზაფხულოდ უამრავი „მსხვილფეხა” გეგმა მაქვს, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებ, ერთს კი ხმამაღლა გავაჟღერებ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგეგმილია ჩემი მესამე წიგნის „ვაგრძელებ ხეტიალს” პრეზენტაცია და პოეზიის საღამოები.
მოკლედ ვაგრძელებ ხეტიალს..

– ერთ ლექსი…

ლადო ასათიანისადმი

გახველებდა და სტრიქონებს წერდი,
„სალაღობოს“  და ხანაც  „ნიკალას“,
თანდათან მეტად გახრჩობდა ჭლექი,
სიცოცხლემ  ბედად არ გაგიკარა.

აბასთუმანში დაგიმეგობრდნენ,
ფანჯრის  ღარიბი ხარაჩოები,
ახველებდი და ნერწყვს მოჰყვებოდბენ,
შენი „კრწანისის ყაყაჩოები“.

ღამით „ბარდნალას“ ბორანზე იჯექ,
წერდი და წერდი რითმის აწყვეტით,
მოინატრებდი ცაგერელ ბიჭებს,
თავს ჩაქინდრავდი კვლავ გულდაწყვეტით.

დედის ბედისებრ გერგო სიკვდილი,
ლიდა ციმბირმა შემოიტყვევა,
შენ აბასთუმნის ცივი ქვითკირის
იყავი ტყვე და თვით ღამისთევა.

გახველებდა და სტრიქონებს წერდი,
შენი ანიკო, შენი მანანა,
იყვნენ სიცოცხლის სულ ორი წვეთი,
მარტოობამ რომ  გაგითამამა.

ჰოდა, როდესაც სიკვდილმა ასე,
შავი თათმანი  სარეცლად დადო,
შენი ლექსების უხილავ ყდაზე,
გამოიკვეთა თვით ორი ლადო.

შენი სურვილი ასახა ფერში,
გუდიაშვილის გახდი ქმნილება,
ის იყო წიგნი შენთან  შეხვედრის,
შენი შობა  და თან გაცილება.

აბასთუმანში დაგიმეგობრდნენ,
ფანჯრის  ღარიბი ხარაჩოები,
ახველებდი და… იბადებოდნენ
შენი „კრწანისის ყაყაჩოები“.

                                                                                                                  

                                                                                                         თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები