ვივიენ ვესტვუდი მუდამ თანამედროვე და მოქმედი იქნება!
გუშინ, ლონდონში საკუთარი ოჯახის წევრების გარემოცვაში, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანული მოდის ლეგენდა – ვივიენ ვესტვუდი.
ამ დღეებში მასთან დაკავშირებული ბევრი მოგონება გაჩნდება მედიაში. მე ჩემს შემთხვევით შეხვედრებს გავიხსენებ, რაც ქართული ხელოვნების წარმომადგენლებთან მის დამოკიდებულებას ასახავს.
პირველად ვივიენ ვესტვუდი 2004 წლის მარტში ვნახე ლონდონის ცნობილი საბალეტო თეატრის – „სადლერ ველსის” ფოიეში, სადაც ნინო ანანიაშვილის „სიზმრებს იაპონიაზე” დაესწრო. მახსოვს, აუდიტორიის ჩურჩული და გადაძახილები: თვით ვივიენ ვესტვუდი იმყოფება მაყურებელთა დარბაზშიო!
მეორედ 2015 წლის აპრილში უკვე პირისპირ შევხვდი და მქონდა შესაძლებლობა, რამდენიმე წუთით გავსაუბრებოდი კიდეც. იგი მოვიდა ლონდონის „სალონ ოპერის” ერთ-ერთ წარმოდგენაზე, ეს იყო ჯან კარლო მენოტის „ტელეფონი”, რომელიც იქ იმხანად მცხოვრებმა ქართველმა რეჟისორმა ირინა გაჩეჩილაძემ დადგა. ვესტვუდმა აღფრთოვანების სიტყვები არ დაიშურა ქართველი რეჟისორის საქებრად, რაც თავის დროზე დავურთე კიდეც ჩემს რეცენზიას ირინა გაჩეჩილაძის სპექტაკლზე. ვესტვუდს გავახსენე, ისიც, რომ ის დაესწრო ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით ჩამოსული ცეკვის თეატრის სპექტაკლს „სადლერს ველსში”. მითხრა, რომ ანანიაშვილი მისი ფავორიტი ბალერინაა, ვისაც შეუძლია კლასიკურ ბალეტსა და თანამედროვე ცეკვაში თანაბრად ძლიერი იყოს.
ასევე აღნიშნა, რომ მისი შეხვედრა ქართულ ხელოვნებასთან გაცილებით ადრე -1980 წელს დაიწყო, როცა „რაუნდ ჰაუზში“ რობერტ სტურუას „რიჩარდ მესამე” ნახა.
„სრულიად მოულოდნელი შოკი და ფეთქებადი ეფექტი ჰქონდა ამ წარმოდგენას, რადგან დაუჯერებელი იყო დახუთული და უსახური საბჭოთა სივრციდან ჩამოსული დასის მიერ შექსპირის სცენური წაკითხვის ამგვარი სითამამე“!
დასანანია, რომ ვივიენ ვესტვუდზე საუბარი ამიერიდან წარსულ დროში მოგვიწევს, მაგრამ ის დარჩება მომავალს თავისი ნიჭიერებითა და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვით, რაც გარემოს დაცვას უკავშირდება. ამდენად, ის მუდამ თანამედროვედ და მოქმედად დარჩება!
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან