„მეფე ლირი თავშესაფარში“ – სენაკისა და ფოთის თეატრებმა ერთობლივი სპექტაკლი წარმოადგინეს
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და სენაკის თეატრის ერთობლივი სპექტაკლის „მეფე ლირი თავშესაფარში“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მეფე ლირი თავშესაფარში“ გაჯერებულია აქტუალური და მტკივნეული თემებით. წარმოდგენა გვიჩვენებს თუ როგორები ვართ და როგორები არ უნდა ვიყოთ. მოქმედება ქალაქის ცენტრში – მოხუცებულთა თავშესაფარში ვითარდება. მისი ბინადარი შვილებისა და ახლობლებისგან მიტოვებულ-მივიწყებული ათიოდე მხცოვანია, რომლებიც თავშესაფრის შენარჩუნებისთვის ბრძოლას გამოუცხადებენ ხარბ, შეუბრალებელ და თვალთმაქც ადამიანებს.
პიესის ავტორი, სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია ოთარ ბაღათურია; მხატვარი – აივენგო ჭელიძე; კოსტიუმების მხატვარი – სერგი ხაზალია; ტექნიკური რეჟისორი – ეკა კულუა. სპექტაკლში მონაწილეობენ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები: მარიკა ბუკია, ლადო კოკაია, გუკა დვალიშვილი, გიორგი მურუსიძე, ანრი ბიბინეიშვილი, ნიარა ჭიჭინაძე, ჩიტო პატარაძე, ლილი ბოდაველი, ზურა დონდოლაძე, ნოდარ ბჟალავა, რამინ კილასონია, თამუნა აბშილავა-კობახიძე და თენგიზ თოფურიძე;
სპექტაკლის დაწყებამდე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შესახებ გამოცემული ორენოვანი წიგნის – ,,მე ფოთის თეატრი მქვია“ – პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ვალერიან გუნიას 160 და ფოთის თეატრის 140 წლის იუბილეს მიეძღვნა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნი ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რამაზ იოსელიანის, ინიციატივით მომზადდა. გამოცემაში თავმოყრილია ცნობები ფოთის თეატრის მდიდარი ისტორიული წარსულის შესახებ. წიგნის ავტორია ლელა ოჩიაური; რედაქტორი – ზაზა ჭანტურია; პროექტის მენეჯერი – თენგიზ ხუხია; კონცეფცია და დიზაინი – ირინა აბჟანდაძე; კომპიუტერული გრაფიკა – თეონა კვაჭაძე. წიგნის ინგლისურენოვანი ვერსია ეკუთვნის მთარგმნელ ნინო შარვაშიძეს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.