ჯანდაცვის მინისტრი: 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, რომელიც მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, აქვს ვალდებულება, გაიაროს საერთაშორისო აკრედიტაცია
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, რომელიც მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ექნება ვალდებულება, რომ საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს.
„მთავრობის დადგენილებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, რომელიც მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, აქვს ვალდებულება, გაიაროს საერთაშორისო აკრედიტაცია და ეს იქნება ჩვენ მიერ შეთავაზებული ხუთი მაკრედიტირებელი საერთაშორისო კომპანიიდან ერთ-ერთი. მხოლოდ აკრედიტაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში ექნებათ მათ შესაძლებლობა, გააგრძელონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა. აქტიურად ვმუშაობთ, ვფიქრობ, მთავრობის მომდევნო სხდომაზე გამოვიტანთ სამედიცინო აღჭურვილობისა და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირების საკითხს, რომელიც გვინდა, 2024 წლიან სავალდებულოდ შემოვიდეს და ქვეყანაში წარმოებული, თუ იმპორტირებული ნებისმიერი სამედიცინო აღჭურვილობა, თუ სახარჯი მასალა იქნება მკაცრად გაკონტროლებული. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ნაწილი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების. ამიტომ არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.