ვიტალი კლიჩკო: ნაძვის ხე უნდა იყოს! ჩვენს შვილებს დღესასწაული უნდა ჰქონდეთ
კიევში, სოფიას მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე აინთო.
უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ნაძვის ხეს სიმბოლურად „უძლეველობის ხე“ უწოდეს.
„წელს ბევრი იყო მსჯელობა იმაზე, ღირს თუ არა ნაძვის ხის დადგმა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საომარი მდგომარეობის, დაბომბვისა და ელექტროენერგიის გათიშვის პირობებში.
მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ნაძვის ხე უნდა იყოს! ჩვენს შვილებს დღესასწაული უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად რუსი ბარბაროსების ყველა მცდელობისა, უკრაინელებს შობა-ახალი წლის ხალისი წაართვან“, – განაცხადა კიევის მერმა.
ამასთან, წლევანდელი ზეიმის ფორმატი წინა ზეიმისგან განსხვავებული იქნება: არ იქნება მასობრივი ღონისძიებები.
„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები დღეს მშვიდობისა და გამარჯვების სურვილს ჩაიფიქრებენ. ეს აუცილებლად ახდება! ჩვენ გვჯერა უკრაინის! გვჯერა შეიარაღებული ძალების!“, – დასძინა კიევის მერმა.