ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე გაიზარდა
გავზარდეთ ნოტარიუსების ასაკი 70 წლამდე. ეს საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ ნოტარიუსებისთვის, არამედ, ზოგადად, ამ ქვეყანაში სამართლის ნორმის განჭვრეტადობის თვალსაზრისითაც, – განაცხადა ,,მინისტრის საათის,, ფორმატში სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.
მისი თქმით, ნოტარიუსთა ზღვრული ასაკი განსაზღვრული იყო 65 წლით.
„ნოტარიუსი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და, ზოგადად, ეს ინსტიტუტი ასრულებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს. ის არის სწორედ სამართლებრივი ურთიერთობების და იურიდიული ფაქტების დამადასტურებელი ადამიანი. ნოტარიუსთა ზღვრული ასაკი განსაზღვრული იყო 65 წლით, თუმცა, მინისტრს ჰქონდა იმის უფლებამოსილება კანონმდებლობით გათვალისწინებული, რომ ეს ასაკი გაეზარდა ნოტარიუსთა პალატის რეკომენდაციის საფუძველზე. პრაქტიკულად, ჩვენ შევიზღუდეთ ეს დისკრეციული უფლებამოსილება. გავზარდეთ ნოტარიუსების ასაკი 70 წლამდე. ეს საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ ნოტარიუსებისთვის, არამედ ზოგადად, ამ ქვეყანაში სამართლის ნორმის განჭვრეტადობის თვალსაზრისითაც“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
გაიზარდა სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალიც. ნოტარიუსები დაინიშნენ რუხში, ხობში, ლენტეხში, ამბროლაურში, ონში, თიანეთში, დუშეთში, დედოფლისწყაროში, ახმეტასა და წყალტუბოში, ნოტარიუსთა რაოდენობა კი 310-ით განისაზღვრა.