სერგო ჯავახაძე კეზერაშვილს "ცოდვებს" უხსენებს
პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი და ფინანსური პოლიციის ყოფილი მოადგილე სერგო ჯავახაძე გაზეთ „ალიასთან“ იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ დატოვა თანამდებობა.
„მე კეზერაშვილის მოადგილეობიდან და ოპერატიულის უფროსობიდან იმიტომ წამოვედი, რომ მინდოდა თუ არა, უნდა ვყოფილიყავი თანამონაწილე იმისა, რასაც ეგენი აკეთებდნენ. უნდა მცოდნოდა ყველა ის საქმე, რითაც ფულის მობილიზებას „ნაციონალებისთვის“ აკეთებდა ფინანსური პოლიცია. არ ვიყავი მათთვის სანდრო პირი და, შესაბამისად, არ მახედებდნენ, ეს ფული საიდან და როგორ მოდიოდა.
როგორც კი ფინანსური პოლიცია შეიქმნა და კეზერაშვილი დაინიშნა უფროსად, ერთადერთი დავალება ზემოდან ის იყო, რომ პარტიისთვის მომხდარიყო ფულის მობილიზება, ოღონდ ეს ხდებოდა ადგილობრივი ბიზნესის დაყაჩაღების ხარჯზე. სხვათა შორის, მეც მქონდა რამდენიმე საქმე, მაგალითად, გოგი ლიპარტელიანს ჰქონდა რაღაც დარღვევები აქციზთან დაკავშირებით, გოგი თოფაძეს ჰქონდა, მაგრამ არც ერთი არ დამიყაჩაღებია, მე მათ ვთხოვდი იმას, რაც იყო ბიუჯეტის დავალიანება … ჩემი წამოსვლის შემდეგ ციფრები გაათმაგდა და გაოცმაგდა. ესენი შევარდნაძის პერიოდში ჩათვლებს აკეთებდნენ, მაგრამ მე როგორც კი მოვედი, დავუძახე, პირადად შევხვდი და საქმე მოვაგვარე. ამის შემდეგ ათმაგი მოსთხოვეს. გამოვიდნენ და თვითონვე ილაპარაკონ. მე მაგ თანამდებობაზე 7 თვე გავძელი“, – ამბობს სერგო ჯავახაძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში.