ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპის დედაქალაქში ყველა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს
“ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას არ ვიცნობ. რაც შეეხება იმას, რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა, დიახ, ბურთი ჩვენს მოედანზეა, ვიდრე რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, თუმცა, უახლოეს მომავალში ამ ბურთს უკვე ევროკავშირს, უფრო კონკრეტულად, ევროკომისიას დავუბრუნებთ”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტის კითხვას: „ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს არ აკეთებს“.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმითვე, ევროპის დედაქალაქებში ვიზიტისას ყველა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა.
“რაც შეეხება ჩვენი მეგობრების განცხადებებს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ევროპის დედაქალაქებს ვსტუმრობდი და არსად, არცერთ შეხვედრაზე არ შემხვედრია არც დეპუტატი, არც სამინისტროს წარმომადგენელი და არც დიპლომატი, რომელსაც არ ეთქვა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და როგორც კი ეს რეკომენდაციები შესრულდება, ევროკავშირის ყველა წევრი უკლებლივ მხარს დაუჭერს საქართველოს სტატუსის მისაღებად. ეს არის განცხადებები, რაც პირდაპირ შეხვედრებზე მოვისმინე. თუ ვინმეს რამეში ეჭვი ეპარება, მზად ვართ, ამ ადამიანს საქართველოში ვუმასპინძლოთ და რეალურად ვაჩვენოთ, რა ხდება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.