დავით უსუფაშვილი არგენტინასა და პარაგვაის რესპუბლიკას ეწვევა
დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად პარაგვაის და არგენტინის რესპუბლიკებში გაემგზავრება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს უგო ადალბერტო ველასკეს მორენოსა და სენატორთა პალატის თავმჯდომარეს ბლას ანტონიო ლანოსს შეხვდება.
საპარლამენტო დელეგაცია ასევე გამართავს შეხვედრებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ორივე პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან.
არგენტინის რესპუბლიკაში დავით უსუფაშვილი არგენტინის რესპუბლიკის სენატორთა პალატის თავმჯდომარე ამადო ბუდუს შეხვდება, რომელიც იმავდროულად ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტია. დაგეგმილია შეხვედრა არგენტინის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ხულიან დომინგესთან.
არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აღმასრულებელი ხელისუფლების და არგენტინაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს დავით უსუფაშვილთან ერთად პარლამენტის წევრები – თამაზ ჯაფარიძე, გიგლა აგულაშვილი, გოდერძი ბუკია და გიორგი ბარამიძე ეწვევიან.
დელეგაცია საქართველოში 23 აგვისტოს დაბრუნდება.