შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი ყველასთვის თანაბრად მისაღები იყოს

მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი, რომელზეც ჩვენ გვექნება საუბარი, მისაღები იყოს ყველასთვის. განსაკუთრებით, აქ საუბარია „ქართული ოცნების“ დარწმუნებაში, რომ ესა თუ ის კანდიდატი ამ თანამდებობაზე საუკეთესო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ფრაქციებს შორის კონსულტაციების შედეგად შესაძლებელი გახდა ომბუდსმენობის 19-კაციანი სიის 8 კანდიდატამდე შემცირება.

„კანდიდატთა წრე შევიწროებულია. ახლა მთავარია ყველა პასუხისმგებლობით მიუდგეს საკითხს. მნიშვნელოვანია იყოს კვალიფიციური უმრავლესობა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ გადამწყვეტი ხმები „ქართულ ოცნებას“ აქვს.

ჩვენ გვექნება ამ საკითხებზე კონსულტაცია. იმ მომენტში, როგორც კი დავინახავ, რომ არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა კანდიდატის გარშემო, კენჭისყრა ჩატარდება და ავირჩევთ ახალ სახალხო დამცველს. კიდევ ერთხელ აქ მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ, ვერცერთი ფრაქცია ცალკე ვერ აირჩევს სახალხო დამცველს. ასევე, სახალხო დამცველის არჩევა შეუძლებელია „ქართული ოცნების“ ხმების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა წონის გათვალისწინებით ფრაქციებმა იმსჯელონ და შევთანხმდეთ საერთო კანდიდატზე“, – დასძინა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები