შალვა პაპუაშვილი: ვნახეთ მცდელობები, სასამართლოზე ზეწოლა ყოფილიყო, მათ შორის ასეთი სახის აქციებით, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა უარს იტყვის რადიკალიზმზე

ყველამ უარი უნდა თქვას სასამართლოს ზეწოლაზე. ჩვენ ვნახეთ მცდელობები, რომ სასამართლოზე ზეწოლა ყოფილიყო, მათ შორის, ასეთი სახის აქციებით – დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა უარს იტყვის რადიკალიზმზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს „ვივამედში“ მყოფი მიხეილ სააკაშვილისთვის გადაღებულ და გავრცელებულ ფოტოებს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ფოტოებს ექსპერტის თვალით ვერ შეხედავს, მას არ აქვს შესაძლებლობა, რომ განსაზღვროს როგორ გამოიყურება ადამიანი.

„ეს პროცესი სამართლებრივია, რომელიც ეფუძნება სამედიცინო ექსპერტიზას. სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც ამ საკითხს განიხილავს. ექიმები არიან ჩართულები. ჩემი გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია, არავინ მოახდინოს სასამართლოზე ზეწოლა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩაერიოს. მეორე არ მოხდეს მანიპულაცია და დეზინფორმაცია სხვადასხვა სახის ინფორმაციის გავრცელებით. სამართლებრივ სახელმწიფოს ვენდოთ, მივანდოთ ეს საქმე სასამართლოს და ექსპერტიზას. როგორც სხვა საკითხებში ჩვენი სასამართლო არის მწყობრად სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში, ამ საქმეშიც ეს მოლოდინი მაქვს.

მე ეს ფოტოები ვნახე, მაგრამ ვერაფერს გეტყვით. ექსპერტის თვალით ვერ შევხედავ. მე არ მაქვს შესაძლებლობა, რომ განვსაზღვრო როგორ გამოიყურება ადამიანი. ამ საკითხებზე მსჯელობა სასამართლოს და სამედიცინო [სფეროს] კომპეტენციაა“,-  თქვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებს, პაპუაშვილი განმარტავს, რომ ყველამ უარი უნდა თქვას სასამართლოს ზეწოლაზე.

„ჩვენ ვნახეთ მცდელობები, რომ სასამართლოზე ზეწოლა ყოფილიყო, მათ შორის, ასეთი სახის აქციებით. დარწმუნებული ვარ, სასამართლო დარჩება დამოუკიდებელი. რაც შეეხება დაანონსებულ აქციებს, ასეთი აქციები ბევრი ვნახეთ, ასევე ვნახეთ საქართველოს მოსახლეობის პასუხი ასეთ დაანონსებულ აქციებზე. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა უარს იტყვის რადიკალიზმზე“,- განაცხადა პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები