საკონსტიტუციო სასამართლო მთავრობის წინააღმდეგ სახალხო დამცველის მიერ C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით წარდგენილ სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის წინააღმდეგ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით წარდგენილ სარჩელს განიხილავენ. პროცესი 12:00 საათზე დაიწყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, დღეს განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს.

„კონსტიტუციურ სარჩელის მიხედვით, C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, შესაბამისი სერვისებით სარგებლობა კი შეუძლია მხოლოდ ამ პროგრამით პირდაპირ განსაზღვრულ პირთა წრეს. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე, მუდმივი ცხოვრების უფლების და შრომითი ბინადრობის უფლების მქონე პირები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ყოფა-ცხოვრებაში, მის წინსვლასა და განვითარებაში. მათ აქვთ ისეთივე უფლებები და თავისუფლებები და აკისრიათ ისეთივე მოვალეობები, როგორიც საქართველოს მოქალაქეს. ასევე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელებს საქართველოს მოქალაქეების მსგავსად აქვთ დახმარების, პენსიისა და სხვაგვარი სოციალური უზრუნველყოფის უფლება. შესაბამისად, მათი გამორიცხვა C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა სიიდან წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანასწორობის უფლების დარღვევას.

საქართველოს სახალხო დამცველი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ადამიანთა ჯანმრთელობას უქმნის რეალურ და გარდაუვალ საფრთხეს.

საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

დავის საგანია „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით”, – აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები