„საქართველოში ქალების (ქალი კანდიდატების) პოლიტიკური მონაწილეობის დამაბრკოლებელი ბარიერები“ – ცესკოს და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

8 დეკემბერს „საქართველოში ქალების (ქალი კანდიდატების) პოლიტიკური მონაწილეობის დამაბრკოლებელი ბარიერების შესახებ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის (CoE) თანამშრომლობით განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით ღონისძიება, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარეობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ნატალია ვუტოვამ, ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელმა მარკუს ადელსბახმა და ცესკოს წევრმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ მაია ზარიძემ გახსნეს.

როგორც ღონისძიების დასაწყისში ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც თავის მხრივ ქალთა საარჩევნო და პოლიტიკური გაძლიერების ხელშეწყობას მოიცავს.

„ქალთა პოლიტიკური გაძლიერების ხელშეწყობა არის იმ საერთაშორისო სტანდარტის, ინკლუზიურობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ჩვენი საქმიანობისთვის და ზოგადად საარჩევნო გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმისთვის რომ სწორად მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება, ამ ყველაფერმა კი სათანადო პროგრესი გვაჩვენოს, აუცილებელი იყო ჩვენ შეგვესწავლა ბარიერები და ის შემაფერხებელი ფაქტორები, რომელიც ქალი კანდიდატებისთვის ხელისშემშლელ გარემოებას წარმოადგენდა. კვლევაში იდენტიფიცირებულია მთელი რიგი მიღწევები, გამოწვევები და პრობლემური საკითხები, რომელიც ჩვენი ინსტიტუციის მხრიდან, ასევე ჩართული მხარეების მხრიდან საჭიროებს შესაბამის რეაგირებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აღნიშნული პროცესის ინკლუზიურობას“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კვლევის პრეზენტაციის შემდგომ.

„კვლევა, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ინტერვიუები ჩატარდა პირისპირ გასაუბრების საფუძველზე და გამოიკითხა საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალა. დოკუმენტში ფორმულირებულია/წარმოდგენილია რამდენიმე კონკრეტული რეკომენდაცია. დოკუმენტი თავისი არსით უთანაბრდება გზამკვლევს, რომელიც გვაძლევს მიმართულებას თუ როგორ უნდა იმოქმედოს საარჩევნო სისტემამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში“, – აღნიშნა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ნატალია ვუტოვამ.

„საქართველოში ქალების (ქალი კანდიდატების) პოლიტიკური მონაწილეობის დამაბრკოლებელი ბარიერების შესახებ“ კვლევა ევროპის საბჭოს ექსპერტმა დაიან ბუნიანმა წარადგინა. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერების ინსტრუმენტების შესახებ პრეზენტაცია კი ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის განყოფილების პოლიტიკის მრჩეველმა კრისტინა იაკობსონმა გამართა.

ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები