კახა კალაძე: არავის მივცემთ უფლებას, ბნელი, ბოროტი განზრახვებით ჩვენ საქართველოსა და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები

არავის მივცემთ უფლებას, ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოსა და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, არსებობს გარკვეული თარიღები, რომლებსაც განსაკუთრებული აღნიშვნა სჭირდება და სწორედ ასეთია ახალი წელი.

„მინდა, ყველას შევახსენო, რომ არსებობს გარკვეული თარიღები, რომლებსაც, გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სჭირდება განსაკუთრებული აღნიშვნა, რადგან იმედის, სიხარულის და ბედნიერების განცდა აუცილებელია ადამიანების ცხოვრებაში. სწორედ ასეთია ახალი წელი. ვისურვებ, რომ არასდროს, მსოფლიოს არც ერთ ქალაქში არ გაქრობოდეთ ადამიანებს მისი სათანადოდ აღნიშვნის სურვილი. დღეს მსოფლიო არის სერიოზული გამოწვევების წინაშე, ჩვენს რეგიონშიც სერიოზული პრობლემებია ამ მიმართულებით, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველგან ცდილობენ, ადამიანებს მისცენ შესაძლებლობა, აღნიშნოს შობა-ახალი წლის დღეები. ძალიან სამწუხაროა და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ბოლო დღეებია, ვისმენთ ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელთა განხილვას დღეს აქ არ შევუდგები. შემიძლია, ვთქვა ერთი, არავის მივცემთ უფლებას, ბნელი, ბოროტი განზრახვებით ჩვენ, საქართველოსა და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები