კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კუთხით არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ იმსჯელეს

პარლამენტში კულტურის კომიტეტის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის, USAID საქართველოს და აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ერთობლივი საჯარო-კერძო დიალოგი გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, დიალოგის ფორმატში საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის კუთხით არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ იმსჯელეს. ღონისძიების მიზანი იყო, კულტურის კომიტეტის საავტორო და მომიჯნავე უფლებების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრის ჩართულობით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პერსპექტივების განსაზღვრა, რათა კოლექტიურ საფუძველზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვა საქართველოში და შესაბამისი კანონმდებლობის რედაქცია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ბაზრის გამოწვევებთან თავსებადი გახდეს, უზრუნველყოს უფლების მფლობელებისთვის უფრო ხელსაყრელი ბიზნეს გარემო და ხელი შეუწყოს კრეატიული ინდუსტრიების განვითარებას. ღონისძიებაზე USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით განხორციელებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგების – „შემოქმედებითი ინდუსტრიების შეფასება საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კოლექტიური მართვის შესახებ”- პრეზენტაცია გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს, ასევე, საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის, CLDP-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. როგორც კულტურის კომიტეტის საავტორო და მომიჯნავე უფლებების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ხათუნა კვიციანმა აღნიშნა, ჯგუფი წელიწადნახევარზე მეტია, აღნიშნული მიმართულებით მუშაობს.

„კულტურის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი უკვე წელიწადნახევარზე მეტია მუშაობს. ეს სამუშაო USAID-ის პროგრამასთან თანამშრომლობით ხორციელდება”,- განაცხადა ხათუნა კვიციანმა.

დიალოგში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, USAID საქართველოს და CLDP-ის წარმომადგენლები, კრეატიული ინდუსტრიების, შესაბამისი ასოციაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები