,,ჩვენთან ადამიანები იმაზე ბევრად მეტ მედიკამენტს იღებენ, ვიდრე ეს საჭიროა” – მაია ბუწაშვილი

,,ჩვენთან ადამიანები იმაზე ბევრად მეტ მედიკამენტს იღებენ, ვიდრე ეს საჭიროა”, – ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, თუ ლაპარაკია ანტაციდებზე, ანუ სიმჟავის გამანეიტრალებელ მედიკამენტებზე, რომლებიც ძირითადად გულძმარვის დროს გამოიყენება, მათი გამოყენების საჭიროება ანტიბიოტიკებთან ერთად აბსოლუტურად არ არსებობს.

,,მაგალითად, როდესაც ანტიბიოტიკს ვნიშნავ, ხშირად მეკითხებიან, რომელი კუჭის დამცავი უნდა მიიღონ ანტიბიოტიკთან ერთად, ანუ ეს იმდენად დამკვიდრებული მოსაზრებაა, რომ პაციენტები ავტომატურად მოელიან “კუჭის დამცავის” დანიშვნას.

ჯერ ერთი, რას ვგულისხმობთ “კუჭის დამცავში”? თუ ლაპარაკია ანტაციდებზე, ანუ სიმჟავის გამანეიტრალებელ მედიკამენტებზე, რომლებიც ძირითადად გულძმარვის დროს გამოიყენება, მათი გამოყენების საჭიროება ანტიბიოტიკებთან ერთად აბსოლუტურად არ არსებობს. პირიქით, ზოგიერთი ანტიბიოტიკის მიღება ანტაციდებთან ერთად მიზანშეწონილი საერთოდ არ არის ან ანტიბიოიტიკთან ერთად მიღება სპეციალური წესით და შუალედის დაცვით უნდა მოხდეს..

თუ ლაპარაკია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებზე (ყველაზე ფართოდ ჩვენთან ამ ჯგუფიდან იყენებენ ომეპრაზოლს, ნექსიუმს და სხვ.), მათი დანიშვნა ანტიბიოტიკებთან ერთად ასევე უსაფუძვლოა (გარდა ჰელიკობაქტერიის მკურნალობისა, რა დროსაც ეს მედიკამენტები ანტიბიოტიკებთან ერთად მკურნალობის სქემაში შედის).

მოკლედ, ანტიბიოტიკებთან ერთად პროფილაქტიკის მიზნით არავითარი “კუჭის დამცავები” არ გვჭირდება, თუ პაციენტს სხვა რაიმე ჩვენებით არ აქვს ეს მედიკამენტები დანიშნული.

ამ პოსტის ქვეშ აუცილებლად გაჩნდება კომენტარები, რომ ექიმებიც ნიშნავენ ამ მიზნით. თუ ეს ასეა, მაინც გავიმეორებ, რომ ეს არ არის სწორი”, – წერს ბუწაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები