რატი ბრეგაძე: მთელი ამ კამპანიის მიზანი არის ის, რომ საერთაშორისო პრესის ფურცლების აჭრელების შედეგად, საერთაშორისო საზოგადოებაში შეიქმნას სურათი, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო მოწამლული
ადვოკატმა გაავრცელა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია, თუმცა შემდეგ თავად სააკაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო. რამდენიმე საათის შემდეგ ადვოკატი თავად მივიდა საავადმყოფოში და აცხადებდა, რომ ვერ წარმოიდგენდა თუ სააკაშვილი ასეთი ტიპის განცხადებას გააკეთებდა. ბოლოში ვნახეთ, რომ ის თავად ამბობდა, რომ მას არასდროს უსაუბრია ამის შესახებ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„შემდგომში გავრცელდა ინფორმაცია ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ. მთელი ამ კამპანიის მიზანი არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, საერთაშორისო პრესის ფურცლების აჭრელების შედეგად შეიქმნას სურათი, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა ყოფილიყო მოწამლული. თუმცა, თავად ვიხილეთ ის, როცა მან თავად განაცხადა, რომ ამის შესახებ მას საუბარი არასოდეს ჰქონია. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანმა უწყებამ იმ წამსვე მივმართეთ ექსპერტიზის ბიუროს და ვთხოვეთ, რომ ჩაეტარებინა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა, თუმცა შემდგომში მას მაინც ჩაუტარდა ეს ექსპერტიზა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ფარგლებში. თავიდან ბოლომდე ვხედავთ არათანმიმდევრულ სურათს. მთლიანი კამპანია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ ნაცნობი გზა. აქ არაფერია ახალი და უცხო, ამას საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.