მიხეილ სარჯველაძე: საქართველომ რა მასშტაბის ჰუმანიტარული დახმარება გასწია უკრაინის მიმართ, თუ ავწონით ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის. მან საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ დრომდე საქართველო უკრაინას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირად დაეხმარა.

„ალბათ, იცით, საქართველომ რა მასშტაბის ჰუმანიტარული დახმარება გასწია, თუ ავწონით ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, მაპატიოს ყველამ, რომ მასშტაბებზე ვსაუბრობ, თუმცა ოპოზიციის რიტორიკამ შესაძლოა განაპირობა ის, რომ ამაზე საუბარი გვიწევს, თუმცა ერთი სიტყვა არ დაგვიყვედრებია გაწეული ჰუმანიტარული დახმარების შესახებ.

რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზზე სამართლებრივი მექანიზმით დახმარებას, ამას ვაკეთებთ. ჰააგის ტრიბუნალთან დაკავშირებითაც გაბედული გადაწყვეტილებები იყო მიღებული, დაახლოებით, 40-მდე სახელმწიფო იყო, ვინც ამის გაკეთება გაბედა, მათ შორის, საქართველო. ამიტომ, ეს არის ქმედითი დახმარება.

მთავარი იცით, რა არის, ჩვენ ქვეყანას აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ამ ოკუპაციას ვერცერთ შემთხვევაში ვერ შევეგუებით. ქვეყნის გამთლიანება არის ამ ქვეყნის მთავარი ამოცანა, ჩვენ თვითონ რა რესურსებიც გვაქვს, ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტები და ჰუმანიტარული დახმარების გამოყენება საიმისოდ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რაღაცნაირად გამთელდეს. სამხედრო ინტერვენციას ჩვენ არ ვახორციელებთ, უბრალოდ, ასეთ დროს მგონი მხედველობაში მისაღები გარემოებაა, როდესაც ამ საკითხზე ვმსჯელობთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

დეპუტატის თქმით, საქართველო საჭირო დახმარებაზე უკრაინას უარს არ ეტყვის.

„პოზიციების შემოწმების ინსტრუმენტად ნუ ვაქცევთ ჰუმანიტარული დახმარების საკითხს, მერწმუნეთ, ეს არ ვარგა. სადაც „ბინტი” და სხვა რამ გაიგზავნა, რასაკვირველია, ასეთ დროს საქართველო დახმარებაზე უარს არ იტყვის”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობას უკრაინის გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა, დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები