ჰერმან საბო: ოპოზიციის ნაწილი თავისი ქცევით საკუთარ თავსაც აზიანებს და თავის წილ პასუხისმგებლობასაც არ იღებს
ოპოზიციის ნაწილს, როგორც მინიმუმ, მცდელობა მაინც უნდა ეჩვენებინა, რომ მზად ვართ, ამ 12 პუნქტის ფარგლებში ვიმუშაოთ და შემდგომ თუ ვნახავთ, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს თმობს, მერე იქნებოდა მათი კრიტიკა გამართული და მყარი, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
დეპუტატმა საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ასევე, ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი მოსაზრების პროექტზე გააკეთა კომენტარი.
მისი თქმით, გარკვეული ოპოზიციური პარტიები ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში თავის წილ პასუხისმგებლობას არ იღებენ.
„მთლიანად ვეთანხმები ვენეციის კომისიასა და ODIHR-ს მათ შეფასებაში, რომ როგორ შეიძლება მთავარ პუნქტზე – პოლარიზაციის შესრულებაზე, არაფერს ვაკეთებდეთ და სხვა პუნქტებზე ტექნიკური შესრულებით გვეგონოს, რომ რამე გამოვა. აქ უდიდესი წილი პასუხისმგებლობისა ეკისრება ოპოზიციას. მათ, როგორც მინიმუმ მცდელობა მაინც უნდა ეჩვენებინათ, რომ მზად ვართ ამ 12 პუნქტის ფარგლებში ვიმუშაოთ და შემდგომ თუ ვნახავთ, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს თმობს, მერე იქნებოდა მათი კრიტიკა გამართული და მყარი. როგორც ოპოზიციის ნაწილი იქცევა, ამით თავის თავსაც აზიანებს, თავის წილ პასუხისმგებლობასაც არ იღებენ და „ქართულ ოცნებას“ უქმნიან რაღაც უსაფრთხოების ბალიშს, რომ თუ რამე არ შესრულდა „ქართულ ოცნებას“ სულ ჰქონდეს იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენ რა გვექნა, მარტო ხომ ვერ შევასრულებდით თქვენს მოთხოვნას?!“,- თქვა საბომ.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი მოსაზრების პროექტში ოპოზიციის ნაწილის მიმართ კრიტიკაა გამოთქმული. პროექტის ავტორები ფაქტს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია კანონმდებლობის შემუშავების პროცესში ჩართული არ არის, ,,სამწუხაროს,, უწოდებენ.
ამასთან, საერთაშორისო ექსპერტები ბოიკოტის გამოცხადებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ბოიკოტი არ უნდა წარმოადგენდეს პოლიტიკური ვაჭრობის ინსტრუმენტს.