„ნაგავსაყრელისთვის გამზადებული, გამოუსადეგარი ნივთები ხელახლა „გააცოცხლო“, რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესია“ – მოცეკვავე და თვითნასწავლი ხელოვანი, რომელსაც ფოტოხელოვნებაც იტაცებს

ბავშვობიდან იზიდავდა ხელოვნების სხვადასხვა დარგი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი  მისთვის – ხატვა, ცეკვა და ფოტოგრაფია იყო.
დაამთავრ ნაკანი მამასახლისის ფოტოსკოლა. მონაწილეობდა რამდენიმე კონკურსში,   ფოტოებს ინსტაგრამგვერდზე  აქვეყნებს.
ფოტოხელოვნების პარალელურად, ბავშვობიდან ცეკვავ. იყო  ნაციონალური ბალეტის – სუხიშვილების სტაჟიორი, შემდეგ – აფხაზეთის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე. ამჟამად  სწავლობ ძალიან საინტერესო სფეროს მარკეტინგს.
ორი წლის წინ გაფუჭებული, დაშლილი ტექნიკის ნაწილებისგან პირველად გააკეთ ნამუშევარი. ძალიან დიდ სიამოვნებას  მანიჭებს უშუალოდ პროცესი და პარალელურად, სრულიად უცხო ადამიანებისგან კარგი უკუკავშირი მეხმარება თვითმოტივაციაში.  – ნუცა ნიკოლაიშვილის პერსონა.

 –   ხატვა, ცეკვა  და ფოტოგრაფია – უმთავრესი გატაცებებებია. ჯერ რომელი იყო – ხატვა თუ ცეკვა ან ფოტოგრაფია?
– თავდაპირველად ხატვა იყო ჩემი ყოველდღიურობა, შემდეგ, 6 წლის ასაკში, დავიწყე ცეკვა და დაახლოებით 8-9 წლის ასაკიდან ჩემი პატარა „სონის“ აპარატით ვიღებდი ყველაფერს.
– „ნაკანი – მამასახლისის“ ფოტოსკოლა დაამთავრეთ. გაქვთ გვერდი, სადაც აქვეყნებთ თქვენს ფოტოებს… საინტერესოა როგორც პორტრეტები, ასევე – პეიზაჟები, მახვილი თვალით „დაჭერილი“ წამები…
– სწორედ აღნიშნეთ, ფოტოგრაფია წამის ერთგვარი უკვდავყოფაა, პირადი ემოციების, აღქმებისა და მოგონებების მემატიანე. ფოტოგრაფია არის საშუალება, უფრო ნათლად დავინახოთ,  რამდენად უნიკალურია ჩვენი ცხოვრება და მისი თითოეული წამი, და რომ მას ყველანი თითქოს ერთნაირად, მაგრამ ინდივიდუალურად აღვიქვამთ და ვგრძნობთ.
ცეკვავდით  ნაციონალურ ბალეტ სუხიშვილებში,  შემდეგ – აფხაზეთის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში… რა შეგძინათ ამ წლებმა?
– ყველაზე დიდი სიხარული  მოჰქონდა სარეპეტიციო დარბაზში ყოფნას. ცეკვა ყოველდღიური ფიქრისგან გათავისუფლებაა.
უსმენ მელოდიას, გსიამოვნებს ის დანატოვარი, რომელიც გახსენებს შენს ეროვნებას, გიღვივებს ქვეყნისადმი პატივისცემას და ცდილობ, სხეული მუსიკასთან ტკბილხმოვანებაში მოიყვანო. თავად პროცესი კი სულისა და სხეულის განგრძობითი წვრთნაა.
–  სოციალურ ქსელში თქვენი ხელნაკეთი ძალიან საინტერესო ნამუშევრები ქვეყნდება – გაფუჭებული, დაშლილი ტექნიკის ნაწილებისგან. როდის დაიწყეთ მათი გაკეთება, პირველი ნამუშევრები…
– პირველად დაახლოებით ორი წლის წინ ვნახე მსგავსი ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი, გადავწყვიტე, მეც მეცადა. პანდემიის პერიოდში მუშაობის პროცესი გამორჩეულად მიფერადებდა ყოველდღიურობას. ტექნიკა ძალიან საინტერესო და ლამაზია შიგნიდან. ნაგავსაყრელისთვის გამზადებული, გამოუსადეგარი ნივთები ხელახლა „გააცოცხლო“, რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესია.
–   როგორ მუშაობთ?   როგორ მოდის შთაგონება?
– გამოწვევასავით ვისახავ ხოლმე, რა იქნება შემდეგი ნამუშევარი და რა შინაარსი ექნება. ხშირად იდეების წყარო თავად ტექნიკის ნაწილებია. უშუალოდ მუშაობის პროცესს მივყვები ხოლმე.
– სად შოულობთ  დაშლილ  ტექნიკას?
– ჩემ ირგვლივ, ვისაც კი ტექნიკა უფუჭდება, ჩემთან ამისამართებენ. ასევე კომპანიების წყალობით, რომლებიც ტექნიკურ მომსახურებას უწევენ მომხმარებლებს.
– გვიამბეთ  რომელიმე ნამუშევრის შექმნის საინტერესო ამბავი…
– პანდემიის დასაწყისში, როდესაც პირველად მეც გადამედო ვირუსი და შიშის სინდრომი ძალიან მაღალი იყო, ერთ ღამეში გავაკეთე წითელი დრაკონი, რომელიც ჩემს განსაკუთრებულ ემოციებს ინახავს.
– რას გწერენ გამოხმაურებებში? ვიცი, რომ ძალიან მოსწონთ თქვენი ნამუშევრები?
– დადებით უკუკავშირს ვიღებ, რაც ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს. უცნობი ადამიანები ხშირად მწერენ, წარმატებებს მისურვებენ, მთავაზობენ თავიანთ გაფუჭებულ ტექნიკას და მეც ვივსები მადლიერებით.
– ჰობი…
– ვცდილობ, დრო იმ საქმეს დავუთმო, რაც სიამოვნებას მანიჭებს, ამიტომ ყველაფერი, რაც მიტაცებს.
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
–  ვცდილობ, არ გავჩერდე, შევაგროვო ნამუშევრები გამოფენისთვის, ვფიქრობ, საპასუხისმგებლო, მაგრამ საინტერესო გამოწვევა იქნება ჩემთვის.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები