კორუფცია და არალეგალური ბაზარი – ექსმინისტრი ჯანდაცვის რეფორმას აფასებს

     ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯანდაცვის სამინისტროს ახალ რეფორმას „მედიკამენტების ურეცეპტოდ“ გაცემის რეგულირებას აფასებს. ანდრია ურუშაძე „კვირასთან“ საუბრისას რეფორმის დადებით და უარყოფით ფაქტორებზე საუბრობს. ჯანდაცვის ექსმინისტრს მიაჩნია, რომ რეფორმის ახალი ტალღისთვის მზად არ არის არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემა. თუმცა, ანდრია ურუშაძე ცალსახად აცხადებს, რომ პაციენტისა და ექიმის ურთიერთობის ერთადერთი სამედიცინო დოკუმენტი რეცეპტია. „კვირას“ შეკითხვებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე პასუხობს.

– როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება 1 სექტემბრიდან?
– იცვლება ის, რომ რეცეპტის გარეშე არ გაიცემა მედიკამენტების გარკვეული დასახელება. 1 სექტემბრამდე, ცხადია, ეს რეცეპტი არსებობდა და ახლაც არსებობს. 1 სექტემბრიდან კი ურეცეპტოდ არ გაიცემა მთელი რიგი მედიკამენტები, როგორიცაა ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული საშუალებები ონკოპაციენტებისათვის. ის წამლები, რომლის თავისუფლად გაყიდვაში მოქცევამ შეიძლება ზიანი მოუტანოს ადამიანის ჯანმრთელობას, ან წაახალისოს წამალზე დამოკიდებული ადამიანები, როგორებიც არიან ნარკომანები. 1 სექტემბრიდან ასეთი მედიკამენტების რიცხვი იზრდება, ანუ მეორე ჯგუფში შემავალი მთელი რიგი მედიკამენტები რეცეპტით აღარ გაიცემა.
– რა შედეგს მოიტანს ეს რეგულაცია?
– როდესაც რეცეპტი შემოდის, უნდა განისაზღვროს რამდენიმე მიზანი: რაციონალურად უნდა იყოს მოხმარებული მედიკამენტები, ანუ ექიმმა, რომელიც გამოწერს რეცეპტს, არ იმოქმედოს იმით, თუ რამდენ საკომისიოს მიიღებს, არამედ, გაითვალისწინოს, რეალურად რა სჭირდება პაციენტს და როგორ დაიცვას მისი ფინანსური ინტერესი. რამდენად შეასრულებს დღევანდელ პირობებში ამ ფუნქციას რეცეპტი, ძნელი სათქმელია. რამდენად დაიცავს ექიმი პაციენტის ინტერესს, ძნელი სათქმელია. დღევანდელ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს ის პირობა, რომ პაციენტის ინტერესი დაიცვას. პირიქით, დღეს ექიმები უფრო და უფრო დამოკიდებულები ხდებიან ფარმაცევტულ კომპანიაზე…
– რას გულისხმობთ?
– ვგულისხმობ იმას, რომ ბევრი ექიმი, საკომისიოს გამოწერილი წამლების რეალიზაციის შედეგად ფარმაცევტული კომპანიებიდან იღებს. ეს კანონით აკრძალულია, მაგრამ ისინი სხვადასხვა ფორმით ფინანსდებიან. მეორე მომენტი არის ის, რომ შესაძლებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში რეცეპტის გარეშე წამლების გაცემამ რიგითი მოქალაქეებისთვის პრობლემები შექმნას.
– კონკრეტულად რა პრობლემებს ხედავთ?
– ძალიან დიდია ისეთი მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელთა შეძენა რეცეპტის გარეშე შეუძლებელია. არის საფრთხე, რომ შეიქმნას „შავი“ ბაზარი, ან ცდუნებას ვერ გაუძლოს აფთიაქების ნაწილმა და წამალი ისევ რეცეპტის გარეშე, ან დამატებითი საზღაურით გასცეს, ან რაღაცა სხვა შემოვლითი გზები იპოვოს.
– შეიძლება გარკვეული კორუფცია შეიქმნას?
– კორუფციაც შეიძლება დავარქვათ ამას, მაგრამ უფრო შესაძლებელია წამლების არალეგალური ბაზარი გაჩნდეს. არის რეალური შანსი, რომ, ზოგადად, ხარჯები გაეზარდოთ მოქალაქებს… ექიმთან მისვლა ვიზიტის დროს გარკვეულ ხარჯთანაა დაკავშირებული. თუნდაც ავიღოთ დროის ხარჯი. ყველას არ ჰყავს ოჯახის ექიმი. მაგალითად, სოფლად, მოსახლეობას ექიმთან მისასვლელად გარკვეული დრო და ფინანსები დასჭირდება, ის დრო, რომელსაც მოქალაქე ხარჯავს სხვადასხვა გამოკვლევისას. ზოგადად, ეს კარგია, რომ ადამიანს დანიშნულების მიხედვით გამოეწეროს რეცეპტი და წამალი. მთავარია, რამდენად მზად არის ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და მეორე – თვითონ ჯანდაცვის სამინისტრო, რომ ადმინისტრაცია გაუწიოს ამ პროცესს. ნებისმიერ რეგულაციას რაღაც მიზანი უნდა ჰქონდეს.
– თქვენ რას ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი?
– ეს, რა თქმა უნდა, კეთილშობილური მიზანია, მაგრამ სურვილების მიხედვით ხომ არ ვიმსჯელებთ? უნდა ვიმსჯელოთ შედეგზე. როგორც წესი, როცა სამინისტრო თავის შესაძლებლებებს ვერ აფასებს და ნაჩქარევ ნაბიჯებს დგამს, მერე უწევს გარკვეულ შეცდომებზე პასუხის გაცემა, თავის დაცვა, ცდილობს რაღაც კონკრეტული ახსნა-განმარტებები გასცეს, უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მოქალაქეებს… ჩემი აზრით, ეს პროცესი ცოტა დაუფიქრებლად დაიგეგმა…
-გაატერებდით თუ არა იგივე რეფორმას, ახლა რომ ჯანდაცვის მინისტრი იყოთ?
– 2010 წელს, ხელისუფლების ჩვენი ყოფნის დროს კანონი მივიღეთ, რომლის მიხედვითაც ექიმს სხვადასხვა სარეკლამო ფურცელზე წამლის გამოწერა აეკრძალა და მას კანონი ავალდებულებდა, რომ ექიმს პაციენტის მიღების შემთხვევაში რეცეპტი გამოეწერა. პაციენტისა და ექიმის ურთიერთობის საფუძველი უნდა იყოს რეცეპტი. რეცეპტი არის სამედიცინო დოკუმენტაციის ერთ-ერთი ფორმა. აქ კითხვა უნდა დაისვას ასე – რეცეპტის უქონლობა შექმნის თუ არა ბარიერს წამლის შეძენისას? რამდენად მზად არის ჩვენი პირველადი ჯანდაცვის სფერო? რამდენად მზად არის, პირველ რიგში, სამინისტრო, რომ რეგულაცია გაუწიოს ამ ყველაფერს?
-თქვენ როგორ ფიქრობთ, სამინისტრო არ არის მზად ამ ყველაფრისთვის?
– იმ ფორმით, რაც ახლა ხდება, სამინისტრო მზად არ არის, ალბათ რაღაც ცვლილებების შეტანას შეეცდებიან, იმიტომ რომ საზოგადოების რეაქცია იყო ადეკვატური. რეცეპტის ინსტიტუტზე არ არის საუბარი… რეცეპტი იყო და იქნება.. აქ არის საუბარი იმაზე, თუ რომელი წამლები უნდა მოხვდეს ამ რეგულირების სფეროში. თითოეული ადამიანი სვამს კითხვას – რატომ მირთულებ მე წამლის შესყიდვას, როცა მე ჩემს ჯანმრთელობაზე თავად ვაპირებ ზრუნვას? სამინისტროს რატომ ჰგონია, რომ ჩემზე უკეთესად ფიქრობს ჩემს ჯანმრთელობაზე… რატომ მართმევს ამ თავისუფლებას – მივიდე და ვიყიდო წამალი? რატომ მიზღუდავს წამლის შეძენის უფლებას?
– კიდევ რა საფრთხეებს ხედავთ?
– რეცეპტის გამოწერის დროს ექიმმა უნდა გამოწეროს წამლის გენერიული ფორმა. გენერიული ფორმა ნიშნავს იმას, თუ რომელ ძირითად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს მედიკამენტი. როცა პაციენტი გენერიული ფორმით გამოწერით მიდის აფთიაქში, აფთიაქს შეუძლია, მას შესთავაზოს ე.წ. ნეიმი – იგივე აქტიური ფორმის მედიკამენტი. ამ შემთხვევაში ბევრი პრობლემა წამოყოფს თავს… რამდენად არის სწორად დოზირება მითითებული რეცეპტში და რამდენად სწორად არის შესაბამობაში ამ გენერიული ფორმით უკვე აფთიაქში ნაყიდი მედიკამენტის დოზირებები ერთმანეთთან. ეს ბევრ ტექნიკურ პრობლემას შექმნის. ჩემი აზრით, გენერიული მედიკამენტების გამოწერით შეზღუდვა უფრო ფარმაცევტულ კომპანიებს აწყობს, ვიდრე განპირობებულია პაციენტის ინტერესებით…
– რას გულისხმობთ?
–2010 წელს რეცეპტის გამოწერაზე პარლამენტში განხილვა გაიმართა და სწორედ მაშინ გენერიული მედიკამენტების გამოწერას ფარმაცევტული კომპანიები ლობირებდნენ.
– ეს რას ნიშნავს?
– მაგალითისთვის, ვიტამინი C განვიხილოთ, იქ იწერება აქტიური ნივთიერება და ამის შემდეგ, თითოეული ქარხანა, რომელიც უშვებს, თავის სახელს არქმევს ამ მედიკამენტს. არის ძირითადი და არის საქარხნო დასახელება. როდესაც ექიმს აქვს თავისუფლება მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში, იცის გამოშვების კონკრეტული თარიღი, ვადა და ფორმა, აქ ძირითადი ამოცანაა, რამდენად იქნება თავისუფალი აფთიაქის თანამშრომელი, შესთავაზოს პაციენტს მაინცდამაინც ის მედიკამენტი, რომელიც მის მფლობელ ფარმაცევტულ კომპანიას შემოაქვს საქართველოში …
– უფრო კონკრეტულად?
– შეიძლება რეცეპტში გეწეროს წამლის ზოგადი დასახელება. როგორც წესი, მედიკამენტის 10 ფორმა მაინც არსებობს, ის შეეცდება მაინდამაინც ის მოგყიდოთ, რომლის გაყიდვა არის მისი მფლობელი ფარმაცევტული კომპანიის ინტერესში. ანუ თავად შემოაქვს და თავადვე ყიდის. მაგალითად, ლიტვაში, სპეციალური ვალდებულებაა, რომ აფთიაქში აპარატი დგას. როდესაც წამლის დასახელებას შეიყვანთ აპარატში, ის ვალდებულია, მოგცეთ სხვადასხვა მწარმოებლის მიერ დამზადებული პრეპარატი სხვადასხვა ფასის გათვალისწინებით, – დაბალი ფასიდან მაღალ ფასამდე, პაციენტი ირჩევს იმ მედიკამენტს, რომელიც მისთვის ფინანსურად შესაფერისია. ამ დროს პაციენტი ყიდულობს იმ მედიკამენტს, როგორი ბიუჯეტიც მას აქვს… აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ბევრი პრობლემა შეექმნება და არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ რეცეპტის ინსტიტუტის დისკრედიტაციაც მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები