სამტრედიაში, ილორში მდებარე განახლებულ იპოდრომზე, ქართული ცხენოსნობის ზეიმი გაიმართა

სამტრედიაში, ილორში მდებარე განახლებულ იპოდრომზე, ქართული ცხენოსნობის ზეიმი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო პერიოდში აღნიშნულ სივრცეში ჩატარდა ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები — მოეწყო ტრიბუნა, ეზოში დაიგო ასფალტის საფარი, გადაიხურა თავლა, რაც მაყურებელთათვის კომფორტულ პირობებს ქმნის.

“26, 27 და 28 აგვისტოს, მარიამობის აღსანიშნავად, სწორედ ამ განახლებულ იპოდრომზე ჩატარდა სამტრედიის გრან პრი 2025.

საცხენოსნო შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ საუკეთესო მხედრები და ცხენები მთელი საქართველოდან. გაიმართა ასპარეზობები ისინდში, ცხენბურთში და წმინდა სისხლის ცხენების დოღში სხვადასხვა დისტანციებზე.

ღონისძიებას მთავარი მსაჯი მერაბ გორგასლიძე ხელმძღვანელობდა. ორგანიზატორები იყვნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, სამტრედიის იპოდრომი და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაცია.

მარულაში (5 წრე, დისტანცია 6 კმ) გამარჯვება მოიპოვა მხედარმა ვარდენ კიკაჩეიშვილმა ცხენით ესპერანსა (სამტრედია). წარმატება სამტრედიელ მხედრებს ასევე ისინდშიც ჰქონდათ.

საბოლოოდ, 66 ქულით გუნდური პირველი ადგილი და სამტრედიის გრან პრი 2025 მოიპოვა სამტრედიის საცხენოსნო კლუბმა.

ღონისძიებას დაესწრო სამტრედიის მერი დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. მერმა პირადად დააჯილდოვა გამარჯვებულები და მათ ფულადი პრიზები გადაეცათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები