ლონდონში ლიეტუვის ყველაზე სახელგანთქმულ მხატვარს – ჩურლიონისს ეცნობიან… ნეტავ, ფიროსმანისთვის როდის დადგება ეს დრო?!

კაუნასი ყოფილ საბჭოთა კავშირში მხატვრებისთვის ყველაზე პოპულარულ ადგილად ალბათ ჩურლიონისის გამო ითვლებოდა, სადაც არსებობს მისი სახელობის მუზეუმი. იმხანად, როცა საბჭოთა მოქალაქე ამ დარბაზებს მოივლიდა, უმალ გრძნობდა, რომ ხვდებოდა განსხვავებულ სამყაროში, სრულიად შეუსაბამოსა და ამოვარდნილს საბჭოთა ესთეტიკიდან. გიკვირდა კიდეც, მოსკოვი როგორ ეგუებოდა სიმბოლიზმითა და მისტიციზმით შთაგონებული მხატვრის ასე საჯაროდ ჩვენებას საბჭოთა ადამიანებისთვის? ეს სივრცე უფრო სულის მოსაოხებელ ნავსაყუდელს ჰგავდა, სადაც ადამიანს თავისუფლად შეეძლო ფიქრი და აზროვნება, რომ მარტო სოცრეალიზმი არ არის ჭერი და მწვერვალი „ნამდვილი ხელოვნებისა”.
მიკალოიუს კონსტანტინას ჩურლიონისი (1875-1911) დიდ მხატვართან ერთად არის ეროვნული მუსიკისა და ლიტერატურის კლასიკოსი და ლამის – ლიეტუვის სიმბოლოდ აღიარებული, ისევე, როგორც ფიროსმანზე შეგვიძლია ვთქვათ ქართველებმა.
ჩურლიონისმა ჯერ ვარშავის მუსიკის ინსტიტუტი დაამთავრა, შემდეგ კი – ამავე ქალაქის ნატიფი ხელოვნების სკოლა. მან 400-მდე მუსიკალური ნაწარმოები და დაახლოებით ამდენივე სურათი დაუტოვა შთამომავლობას. ის სრულიად ახალგაზრდა, 35 წლის ასაკში, გარდაიცვალა, მხოლოდ ექვსი წელი მიუძღვნა ფერწერას და მაინც ამდენი სურათის შექმნა მოასწრო.
ლონდონის დალვიჩის სურათების გალერეა (Dulwich Picture Gallery), ხუთი თვის განმავლობაში, 2023 წლის 12 მარტამდე უმასპინძლებს გენიალური ლიეტუველი ხელოვანის ექსპოზიციას სახელწოდებით – „სამყაროებს შორის”.
ლონდონის პუბლიკას შესაძლებლობა ეძლევა, ასი ნამუშევრით გაეცნოს ევროპული სიმბოლიზმის ბრწყინვალე წარმომადგენლის ხელოვნებას. მითოლოგიის, ფოლკლორისა და მისტიციზმის ერთიანობით იქმნება ეს ჰაეროვანი, მოციმციმე და ფანტასტიკურ საბურველში მოქცეული სურათები. ტილოს ზედაპირზე მიწიერისა და ციურის მართლაც იშვიათი შესიტყვების მოწმედ გვაქცევს მხატვარი, რომელიც ძალიან ახლოსაა მუსიკის სამყაროსთან, მისით მსჭვალავს და ასაზრდოებს უმშვენიერეს ფერწერულ ტექსტებს.
ფუგა, პრელუდია, სკერცო, ალეგრო, ანდანტე – აკი, ასე ნათლავს თავის არაერთ სურათს ჩურლიონისი. მნიშვნელოვანი შეფასება გაჩნდა ლონდონური გამოხმაურებებში, სადაც მას აბსტრაქტული მხატვრობის წინამორბედად მოიხსენიებენ. აქამდე ეს ასე ხაზგასმით და ხმამაღლა არ თქმულა.
ჩურლიონისის გამოფენას ლონდონში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, წამყვანმა გაზეთებმა მას უმაღლესი შეფასება მისცეს და მნახველთა ნაკადი სულ უფრო მატულობს მის გასაცნობად. აღფრთოვანებას ვერ მალავენ, რომ კიდევ ერთი ძლიერი და უჩვეულო ტალანტი აღმოაჩინეს ლიეტუველი მხატვრის სახით.
მე, როგორც ქართველს, ძალიან მსიამოვნებს ლიეტუვის კულტურის წარმატება მსოფლიო არტის მექაში და უნებურად მეფიქრება ფიროსმანზე, რომელიც ყველაზე დიდი აღიარება წარსულში იყო ლუვრის და ალბერტინას მუზეუმებში გამოფენა და ამდენი ხანია მისი ჩამოტანა ვერ ხერხდება ლონდონში. ის უფრო „ტეიტ მოდერნში“ ან „ხელოვნების სამეფო აკადემიაში“ უნდა გამოიფინოს, დალვიჩის გალერეაც შესანიშნავი იქნება. მაგრამ ამას სჭირდება წლობით თავაუღებელი მუშაობა როგორც დიპლომატიურ დონეზე, ასევე – საქართველოს სახელოვნებო ინსტიტუტების აქტიური ჩართულობით.
დღეს თბილისში უმაღლესი კვალიფიკაციის, უცხოეთის პრესტიჟულ სკოლაში განსწავლულ ბევრ ახალგაზრდა არტკრიტიკოსს შეხვდებით. ვერ წარმოვიდგენ, რომ მათ გულით არ ეწადოთ ფიროსმანის ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემიაში ან ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ მუზეუმში“ გამოფენა.
ცხადია, რომ ევროპის სხვა ცნობილ მუზეუმებშიც აქვთ ფიროსმანის გამოფენის სურვილი, მაგრამ ლონდონს და ნიუ-იორკს უპირატესობა უნდა მიენიჭოს, რადგან ეს მთელი ქვეყნისთვის  ფასდაუდებელი სამსახურის გაწევას ნიშნავს. ფიროსმანის ხელოვნებას შესწევს უნარი, კვლავ შეამჩნიონ და უფრო მეტი ილაპარაკონ საქართველოზე, მის ევროპულ მომავალზე, რასაც ის თავისი არსით, ისტორიით და კულტურით უეჭველად იმსახურებს.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები