საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტზე იმსჯელა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტზე იმსჯელეს.
პარლამენტის ინფორმაციით, პროექტი დეპუტატებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გააცნო.
„ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთან ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას. ფასების სტაბილურობის მისაღწევად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, რომელიც დღეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად არის აღიარებული”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, საშუალო ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა.
„2019-2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 4.6% -ია, რაც საკმაოდ ახლოა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან. 2018 წლამდე ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ზე მაღალი იყო”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, რაც არა სავაჭრო სექტორში შედარებით უფრო მაღალი ინფლაციით აიხსნება. როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მთავარი დანიშნულებაა განსაზღვროს თუ რა რეაგირება უნდა ჰქონდეს მონეტარულ პოლიტიკას კონკრეტულ დროსა და პირობებში. მისივე თქმით, ინფლაციის დაბალი მიზნობრივი მაჩვენებელი ქვეყანას ყველაზე მეტად სწორედ მაღალი ინფლაციის პერიოდში სჭირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაციის პიკური პერიოდი გადალახულია და მისი შემცირების ტენდენციაც დაწყებულია.
„2021 წელს ეკონომიკამ სწრაფი ტემპით აღგენა დაიწყო რასაც ერთი მხრივ საბაზო ეფექტის მეორე მხრივ კი პანდემიის დროს თვეების განმავლობაში დაგროვილი მოთხოვნის გააქტიურებამ, ფისკალურმა სტიმულმა და ეკონომიკის დაკრედიტებამაც შეუწყო ხელი. მაღალი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელსაც გრძელდება, რისი მნიშვნელოვანი ხელშემწყობიც გააქტიურებული შიდა მოთხოვნაა”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ. მომხსენებელმა ყურადღება მონეტარული პოლიტიკის სამომავლო დინამიკაზე გაამახვილა. “მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, საშუალოდ 2022 წელს ინფლაცია 11.9 %-ის, ხოლო 2023 წელს 5.3 %-ის ფარგლებში იქნება. 2022 წელს რეალური მშპ 10%-ით გაიზრდება. რაც შეეხება 2023 წელს, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 4%-მდე არის პროგნოზირებული”, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მონეტარულ პოლიტიკას განხილვას და მსჯელობას, თუ რა შეიძლება სამომავლოდ გაკეთდეს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. „ეს დოკუმენტი არის ძალიან საინტერესო, იმ თვალსაზრისით, თუ რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომ ინფლაცია მიზნობრივს დაუახლოვდეს”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. კომიტეტის თავმჯდომარემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომიტეტი მხარს დაუჭერს წარმოდგენილ პროექტს.