დღეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
დღეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას „პროფესიული უნარების სააგენტოს“ საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, პეტრე წულუკიძემ განაცხადა.
“დღეს, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ეს ის პერიოდია, როდესაც პოტენციურ აპლიკანტებს, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, პორტალ vet.emis.ge-ზე დარეგისტრირდნენ, სასურველი პროგრამა შეარჩიონ. საქართველოს ყველა რეგიონში, ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში მიღება დაახლოებით 500-მდე პროფესიულ პროგრამაზეა გამოცხადებული. მსურველებს ელექტრონული პორტალის მეშვეობით შეუძლიათ, სასურველი პროგრამები პრიორიტეტის მიხედვით მონიშნონ. რა თქმა უნდა, ყველას მითითებული აქვს შინაარსი, პროგრამის ხანგრძლივობა, მუნიციპალიტეტი, განხორციელების ადგილი და სხვა დეტალები. ვისაც, შეიძლება, რომ ელექტრონული პორტალის გამოყენებასთან დაკავშირებით სირთულეები შეექმნათ, შეუძლიათ მიაკითხონ კოლეჯებს, უნივერსიტეტებს, სკოლებს, რომლებიც ამ პროგრამებს ახორციელებენ. ისინი არ დაზარდებიან, კონსულტაციას გაუწევენ. არის შემთხვევები, როდესაც ისინი პოტენციურ მსმენელებს ადგილზევე არეგისტრირებენ. რეგისტრაციის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თითო პროგრამასთან დაკავშირებით თითოეული დაწესებულება კონსულტაციას უზრუნველყოფს. სხვადასხვა რეგიონში კოლეჯების, უნივერსიტეტების და სკოლების ბაზაზე პროფორიენტაციული სერვისები ინერგება, რომელიც პოტენციურად დაინტერესებული აპლიკანტებისთვის, მაგალითად, სასწავლო გარემოს მონახულებას, პროგრამის შინაარსის ახსნა – განმარტებას, პროგრამის განხორციელებაში ჩართული დამსაქმებლების გაცნობას გულისხმობს. ანუ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მსმენელებს არჩევანის გაკეთების პროცესი გავუმარტივოთ.
პროფესიული განათლების საფეხურზე პროგრამების რამდენიმე სახე გვაქვს. დღევანდელ დღეს ყველაზე პრიორიტეტული ე.წ. ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამებია. ეს არის პროგრამები, რომლებიც მოსწავლეებს საბაზო განათლების 10 კლასის დასრულების შემდეგ შესაძლებლობას აძლევს, სკოლის ბოლო ორი წელიწადი ისეთ პროგრამაზე გაიარონ, სადაც ერთის მხრივ, დაეუფლებიან სკოლის, ბოლო კლასებისთვის განკუთვნილ საგნებს და ამავე დროს დაეუფლებიან შესაბამის პროფესიას. ამ სწავლების შემდეგ ისინი პროფესიული განათლების დამადასტურებელ დიპლომს მიიღებენ, რომელიც სკოლის ატესტატთან იქნება გათანაბრებული. ეს მათ მრავალმხრივ შესაძლებლობას აძლევს, ერთის მხრივ, შეუძლიათ, სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძონ, მეორეს მხრივ, შეიძლება, უკვე კონკრეტული პროფესიით დასაქმდნენ. თუმცა, ამ ორის კომბინაციაც არ არის ცუდი მიდგომა. ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც უმაღლეს განათლებაში სწავლის პარალელურად უკვე პროფესიული კურსს დამთავრებულები პროფესიით მუშაობენ. ინტეგრირებული პროგრამების დანერგვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2019 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამები კოლეჯებში დაინერგა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო უკვე შარშან, როდესაც ეს პროგრამები 20 ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სკოლაში დაინერგა. წელს ამ 20 სკოლას დამატებით 64 სკოლა ემატება. მათი რიცხვი ძალიან იზრდება და მოსწავლეებს, ფაქტობრივად, თავიანთივე სკოლებში შეეძლებათ, მიიღონ ის მოთხოვნადი უნარები, ცოდნა, რომელიც შრომის ბაზარს სჭირდება. პირველ ეტაპზე ამ ინტეგრირებული პროგრამების ფარგლებში ექვსი პროგრამა შეირჩა. ამ პროგრამების შერჩევა დაეფუძნა, ერთი მხრივ, დამსაქმებლების ძალიან მკაფიოდ გამოხატულ ინტერესს – დაასაქმონ ეს სტუდენტები და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, პოტენციური მოსწავლეების, ახალგაზრდების და ოჯახების ინტერესს. ეს პროგრამებია: კომპიუტერული ქსელი და სისტემები,Front-End დეველოპმენტი , ადმინისტრაციული სერვისები, ფოტოგრაფია, გრაფიკული დიზაინი და ბაღის დიზაინი. პირველ ეტაპზე სკოლებში სწავლებას ამ ექვს პროგრამაზე შეძლებენ, ხოლო შემდგომში განათლების სამინისტროს მხარდაჭერით იგეგმება, რომ მათი რიცხვი უფრო გაიზრდოს. ამჟამად მიმდინარეობს ამ პროგრამის განმახორციელებელი მასწავლებლების ტრენინგი, სკოლების შესაბამისი ტექნიკური ინვენტარით აღჭურვა. სექტემბერში, როდესაც სწავლა დაიწყება, მოსწავლეებს ხარისხიანად სწავლისთვის ეფექტური გარემო დახვდებათ.
ასევე გვაქვს ე.წ. სამუშაოზე დაფუძნებული პროგრამები. დაახლოებით 2016 წლიდან, ჯერ კიდევ პროფესიული უნარების სააგენტოს დაფუძნებამდე , განათლების სამინისტრომ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პილოტირება დაიწყო. წელს უკვე პროფესიულ განათლებაში დამსაქმებლების ჩართულობის საკმაოდ მრავალმხრივი პრაქტიკა გვაქვს. რას გულისხმობს ეს: პროფესიულ პროგრამაზე სწავლის პროცესში სტუდენტი, რომელიც აბარებს კონკრეტულ პროგრამაზე სწავლის ნახევარზე მეტს რეალურ სამუშაო გარემოში ატარებს, ანუ კონკრეტულ დამსაქმებელთან. რა თქმა უნდა, დამსაქმებელთან თან მუშაობს, თან სწავლობს. ხშირ შემთხვევაში თუკი პროგრამა დუალურად ხორციელდება, იღებს სიმბოლურ ანაზღაურებას, უფორმდება ხელშეკრულება , რაც სტაჟშიც ეთვლება, ეს ყველაფერი აძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, რომ სწავლის პროცესშივე დასაქმდეს. ასევე გამოვყოფდი ე.წ. პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებს. გრძელვადიანი, ანუ სადიპლომო პროფესიული პროგრამები, რაზეც ახლა მიმდინარეობს სწავლება, დაახლოებით ერთ-ნახევრიდან სამ წლამდე პერიოდში ხორციელდება, ის ძირითადად განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, თუმცა მასზე ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ზრდასრულთა მომზადება- გადამზადების პროგრამები კი უფრო მეტად ზრდასრულებზეა ორიენტირებული. აქაც ყველას შეუძლია მოსინჯვა და ჩარიცხვა, თუმცა მიზნობრივი სეგმენტი მაინც ზრსდასრულები არიან, ვინც უკვე არიან პროფესიაში, ან იცვლიან პროფესიას. ამ პროგრამების განხორციელებაშიც ძალიან ბევრი მსხვილი დამსაქმებელია ჩართული. შრომის ბაზარი ჩვენ გვთხოვს არა თეორიულ კომპონენტებს, არამედ გვთხოვს იმას, თუ კონკრეტულად რის გაკეთებას შეძლებს ჩვენი კურსდამთავრებული მათ კომპანიაში”- განაცხადა პეტრე წულუკიძემ.
მისივე თქმით, ყველა პროგრამა, რაც პროფესიული განათლების საფეხურზე ხორციელდება, შრომის ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია.
” თითქმის ყველა სექტორში ძალიან დიდი მოთხოვნაა. რა თქმა უნდა, მზარდია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება, დიდია მოთხოვნა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში, ლიდერობს კულინარია, ასევე ძალიან დიდი მოთხოვნაა სასტუმრო მომსახურებაზე, სარესტორნო მომსახურებაზე. არ შემიძლია, მოთხოვნად პროფესიებში არ ჩამოვთვალო მშენებლობის თითქმის ყველა პროგრამა, იმიტომ რომ ფაქტობრივად, დამსაქმებლებს სამუშაო ძალის იმდენად დიდი დეფიციტი აქვთ, რომ ამ დეფიციტის შევსებას უკვე სხვა ქვეყნებიდან ცდილობენ. შესაბამისად, კურსდამთავრებულს, რომელიც ამ პროგრამას წარმატებით გაივლის კონკრეტულ კომპანიებში ადგილი, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს. ასევე მუდმივად მზარდია მოთხოვნა სოფლის მეურნეობის, აგრარული, მიმართულებით. პრინციპში, ყველა პროგრამა, რაც პროფესიული განათლების საფეხურზე ხორციელდება, შრომის ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. ამას ბოლოდროინდელი კვლევებიც მოწმობს. მაგალითად, დასაქმების პორტალებზე გამოქვეყნებული ვაკანსიების დაახლოებით 60%-ია ისეთი, რომელსაც სავსებით ყოფნის და უფრო მეტად ერგება პროფესიული განათლება და მისი სპეციფიკა, ვიდრე მაგალითად სხვა ტიპის განათლება, როგორიც არის, მაგალითად უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა და ასე შემდეგ. ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის პროფესიულ განათლებაზე იმხელა მომართვიანობა, რასაც ვისურვებდით, თუმცა ბოლო წლების დინამიკა ძალიან პოზიტიურია. მაგალითად, 2022 წლიდან დღემდე მუდმივად მზარდია პროფესიულ განათლებაზე შეთავაზებული ადგილების რაოდენობაც, ანუ ის ადგილები, რასაც სისტემა თავისი ინფრასტრუქტურით, მასწავლებლებით სთავაზობს, ასევე მათი მომართვიანობა ყოველწლიურად იზრდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დამსაქმებლის ჩართულობა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, დაახლოებით, სამჯერაა გაზრდილი”- განაცხადა წულუკიძემ.