ალჟირი უარყოფს უკრაინული დრონების კონტრაბანდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას
ინფორმაცია ლიბიაში ალჟირის ტერიტორიის გავლით უკრაინული დრონების კონტრაბანდის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ალჟირის ეროვნული სახალხო კრების (პარლამენტის) თავდაცვის კომიტეტის წევრმა, მუსა ჰარფიმ „რია ნოვოსტი“-ს განუცხადა.
მანამდე, რამდენიმე არაბულმა მედიასაშუალებამ, წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლეთ ლიბიაში მდებარე ეროვნული თანხმობის მთავრობას, აბდელჰამიდ დბეიბას ხელმძღვანელობით, შესაძლოა, უკრაინული წარმოების დრონების პარტია მიეღო შეიარაღებული ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები, სავარაუდოდ, ალჟირის გავლით გადაიტანეს, რომელიც, თავის მხრივ, ლიბიას ესაზღვრება. გარდა ამისა, წყაროებზე დაყრდნობით, მედია იტყობინება, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილის კონტრაბანდის სქემაში აზერბაიჯანიდან შუამავლები მონაწილეობდნენ.
„რა თქმა უნდა, არსებობენ სხვადასხვა მხარეები, რომლებიც ცდილობენ ალჟირს ზიანი მიაყენონ. თუმცა, ქვეყანა იცავს ნეიტრალურ პოლიტიკას და ინარჩუნებს სტაბილურობას რეგიონულ და საერთაშორისო ასპარეზზე. გავრცელებული ინფორმაცია სხვა არაფერია, თუ არა ცილისწამება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“, – თქვა მუსა ჰარფიმ.
ალჟირის პარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს მესამე მხარის კონფლიქტებში და მოქმედებდა სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპით.