ეროვნული გალერეა ლალი ლომთაძის რეტროსპექტულ საიუბილეო გამოფენას უმასპინძლებს

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ლალი ლომთაძის რეტროსპექტულ საიუბილეო გამოფენას უმასპინძლებს.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენა 12 სექტემბერს, 18:00 საათზე, გაიხსნება და 12 ოქტომბრამდე გასტანს.
„ლალი ლომთაძე ქართველ მხატვართა 80-ელთა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული გრაფიკოსია. მან პროფესიული განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, დიმიტრი თაყაიშვილის სახელოსნოში მიიღო. მაღალპროფესიული აკადემიური სკოლის საფუძველზე ჩამოყალიბდა მისი მრავალმხრივი შემოქმედება – როგორც გრაფიკოსისა და ფერმწერის, კინოს მხატვრისა და წიგნის ილუსტრატორის. ამავდროულად, მხატვარი აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.
ლალი ლომთაძე მონაწილეობდა 150-ზე მეტ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მათ შორის აღსანიშნავია გამოფენები: თბილისის მხატვრის სახლში (1984); ფილმჰაუზის გალერეაში, საარბრიუკენში (გერმანია, 1992); საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (1995); UN HOUSE-ში (თბილისი, 2004) ; ბაია გალერეაში (თბილისი, 2004); გალერეა TMS -ში (თბილისი, 2000); პარიზში, Maison du Caucase-ში (საფრანგეთი, 2004, 2007); M გალერეაში (თბილისი, 2007); თსუ-ს მუზეუმში (თბილისი, 2014); მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო მინი-გრაფიკის საერთაშორისო ბიენალეებზე (ლოძი, პოლონეთი, 1985, 1987, იაპონია, კიოტო 1991, შვედეთი ოლოფსტრომი,1995წ.) და.ა.შ. 2005 წელს, პარიზში, ლალი ლომთაძე დაჯილდოვდა კონკურსზე – მხატვარი ხატავს პარიზს. მრავალჯერ აღინიშნა პრიზებით საერთაშორისო გამოფენებზე მისი ექსლიბრისებიც.
ეროვნული გალერეა გთავაზობთ ლალი ლომთაძის გრაფიკული შემოქმედების რეტროსპექტივას. გამოფენა მრავალფეროვანია როგორც თემატურად, ასევე წარმოდგენილი ნამუშევრების შესრულების ტექნიკებით. გრაფიკის სახვით-გამომსახველობითი ენის მდიდარი შესაძლებლობები ვლინდება როგორც ნახშირით შესრულებულ მონოქრომატულ ნამუშევრებში, ასევე ფერადი, ბეჭდური გრაფიკის მრავალგვარ ნიმუშში. თანაბრად მაღალმხატვრულია მისი ოფორტები, ლითოგრაფიები, მშრალი ნემსის ტექნიკა თუ მონოტიპიები. აღსანიშნავია შერეული ტექნიკით შესრულებული კომპოზიციები, როცა ერთი ნამუშევარი მრავალ დაფაზე, სხვადასხვა ტექნიკით სრულდება და საბოლოოდ ხელით იხატება.
ერთ-ერთ ნამუშევარს მხატვარმა მეხსიერების ფრაგმენტები უწოდა. სახელწოდება ლალი ლომთაძის მთელ შემოქმედებას ესადაგება. ის განზოგადებული სახე-ხატების საშუალებით გვიზიარებს საკუთარ ემოციურ თუ ინტელექტუალურ გამოცდილებას. ცხოვრებისეულ, ლიტერატურულ, მითოლოგიურ თუ რელიგიურ თემებში ვლინდება მხატვრის პოზიტიური ენერგიით აღბეჭდილი ემოციური სამყარო, რომლის მთავარი გზავნილი არსებობის სიხარულის განცდაა. ლალი ლომთაძე არის ხელოვანი, რომელსაც უხვი სათქმელი და მისი გაზიარების სურვილი აქვს. და რაც მთავარია მხატვარი ემოციის, განცდის, ფიქრის ზუსტ და ხატოვან ვიზუალიზაციას აღწევს“, – წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები