პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა 11 ადამიანი იმსხვერპლა
პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, აფეთქება პროვინციის დედაქალაქ კვეტაში სტადიონის ავტოსადგომზე მოხდა, სადაც ბელუჯისტანის ეროვნული პარტიის (BNP) ასობით წევრი იყო შეკრებილი.
„სამშაბათს საღამოს, ბელუჯისტანში პოლიტიკურ მიტინგზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა… დაშავდა სულ მცირე 40 ადამიანი“, – იუწყება AFP.
„ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, 1-ელი იანვრიდან მოყოლებული, ბელუჯისტანსა და მეზობელ ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად 430-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები, დაიღუპა.