ვარლამ წიკლაური: ვპირდები მოსახლეობას, ამ ოთხი წლის განმავლობაში ხშირად შევხვდებით, ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რაც აწუხებთ და ეტაპობრივად ვეცდები ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმალური გავუკეთო ჩემს ქალაქს, მუნიციპალიტეტს
ძალიან თბილი შეხვედრები მიმდინარეობს და ვპირდები მოსახლეობას, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ხშირად შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რაც მათ აწუხებთ და ეტაპობრივად ვეცდები ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმალური გავუკეთო ჩემს ქალაქს, ჩემს მუნიციპალიტეტს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატმა, ვარლამ წიკლაურმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ბოლო წლების განმავლობაში ახალციხეში ბევრი მასშტაბური ინფრასტრუქტურული და არა მხოლოდ პროექტი განხორციელდა, აშენდა სკოლები, ბაღები, საბავშვო მოედნები, საფეხბურთო მოედნები. ახლა მიმდინარეობს ახალციხის მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია. მალე გაიხსნება მესხეთის დრამატული თეატრი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი ადგილობრივების და მსახიობების. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ამისთვის კულტურის სამინისტროს.
ჩვენს ქალაქში ასევე მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა. იხსნება საცურაო აუზი. 26 მილიონამდე დაიხარჯა და ეს არის უმსხვილესი პროექტი, რომელიც ჩვენს რეგიონში განხორციელდა და ახალგაზრდებს დიდ და ახალ შესაძლებლობებს მისცემს. მითუმეტეს, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. სულ მალე დაიწყება ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია. პრემიერ-მინისტრმა უკვე გასცა განკარგულება და ეს არის ძალიან კარგი სიახლე. როდესაც შეხვედრებზე მივდივარ და ვეუბნები ამას მოსახლეობას, ძალიან მადლობლები არიან და სიხარულით ხვდებიან ამ სიახლეს“, – აღნიშნა წიკლაურმა.
მისი თქმით, არსებობს გამოწვევები, რომელიც ერთად უნდა გადაჭრან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
„არის გარკვეულ სოფლებში წყლის სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე სარწყავ სისტემაზე აქვთ განსაკუთრებული აქცენტი. როდესაც ვხვდები მათ, ვეუბნები, რომ ეტაპობრივად, პრიორიტეტების მიხედვით ყველა პრობლემას ერთად გადავჭრით და მოვაგვარებთ. ძალიან თბილი შეხვედრები მიმდინარეობს და ვპირდები მოსახლეობას, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ხშირად შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რაც მათ აწუხებთ და ეტაპობრივად ვეცდები ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმალური გავუკეთო ჩემს ქალაქს, ჩემს მუნიციპალიტეტს“, – აღნიშნა წიკლაურმა.