გამაჯანსაღებელი კურორტი ბიოლი: ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში იგეგმება დიდი ღონისძიებები და ჩვენ შეგვიძლია გავუმასპინძლდეთ ინდოეთიდან სტუმრებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ინდოეთიდან 15 მსხვილ კომპანიას უმასპინძლა. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულები, – ინფორმაციას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. შეხვედრის შესახებ საუბრობს გამაჯანსაღებელი კურორტ ბიოლის გენერალური მენეჯერი ნინო ლოლაძე.
„მოხარულები ვართ, რომ ინდოეთიდან ვმასპინძლობთ დიდ ჯგუფს, დელეგაციას ინდოეთიდან. აქ ჩამოვიდნენ ღონისძიებების დამგეგმავები. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში იგეგმება დიდი ღონისძიებები და ჩვენ შეგვიძლია გავუმასპინძლდეთ ინდოეთიდან სტუმრებს. ინდოეთის ბაზარი გამორჩეულია მასშტაბური ღონისძიებებით, ქორწილებით. ამ შეხვედრის ფარგლებში, უკვე დაიგეგმა რამდენიმე ღონისძიება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის“, – აცხადებს ნინო ლოლაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვა, საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა, ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და ქორწილების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს დანახარჯების გაზრდას ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან.