დიდი ბრიტანეთის მედიის მარეგულირებელი კომისია (Ofcom) ონლაინ ახალი ამბების რეგულირებაზე იწყებს მუშაობას
დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისია ონლაინ ახალი ამბების რეგულირებაზე იწყებს მუშაობას. Ofcom-ის განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული კვლევები ნათლად მიუთითებს, რომ შესაძლოა აუცილებელი გახდეს ახალი რეგულაციების მიღება, რომელიც ონლაინ ახალი ამბების წამყვან მოთამაშეებს (Facebook, Google, Twitter და Apple) გარკვეულ ჩარჩოს დაუწესებს და ონლაინ სივრცეს მოაწესრიგებს. Ofcom-ის ამოცანაა შექმნას ახალი ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც ტექნოლოგიურ კომპანიებს დაეკისრებათ მეტი გამჭვირვალობის ვალდებულება იმ ახალ ამბებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ავრცელებენ, რათა მომხმარებლებს მეტი არჩევანისა და კონტროლის საშუალება ჰქონდეს.
Ofcom-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ტექნოლოგიური კომპანიები, სულ უფრო მეტად ახორციელებენ იმ ახალი ამბების შინაარსის ფორმირებას, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა ხედავს და კითხულობს. კვლევაში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით მომდევნო თვეების განმავლობაში, Ofcom ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გამართავს. შემდგომ, Ofcom ოფიციალურ რეკომენდაციების შეიმუშავებს, რომლებსაც განსახილველად დიდი ბრიტანეთის მთავრობას წარუდგენს. თუ რა სამართლებრივი მექანიზმები შეიძლება ამოქმედდეს ონლაინ ახალი ამბების დასარეგულირებლად ამას ბრიტანეთის მთავრობა და პარლამენტი, სწორედ Ofcom-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიღებს.
ბრიტანეთის მარეგულირებლის განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შემაშფოთებელია, ვინაიდან ისეთი წამყვანი ახალი ამბების გამავრცელებლები, როგორიც მაგალითად Facebook ან საძიებო სისტემების ისეთი ახალი ამბების აპლიკაციები, როგორებიცაა: Apple News და Google News, ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენენ მომხმარებლებზე. მათივე კვლევის მიხედვით ონლაინ და სოციალურ მედიას ახალი ამბების გასაცნობად სამიდან ორი ზრდასრული იყენებს.
Ofcom აღნიშნავს, რომ ისეთი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორებიცაა: Facebook, Google, Twitter და Apple, სულ უფრო დიდ ადგილს იკავებენ ახალი ამბების გავრცელებაში. ისინი ახორციელებენ ახალი ამბების შინაარსის კურატორობას, რომელსაც ბოლო კვლევის მიხედვით ბრიტანეთის ზრდასრული მოსახლეობის 64% იყენებს. კვლევის მიხედვით ადამიანების 35%-ს მიაჩნია, რომ ონლაინ ახალი ამბები პერსონალიზებულია, 36% ფიქრობს, რომ არ არის, ხოლო 29%-მა არ იცის.
2005 წელს, გამოკითხულთა 18%-მა Ofcom-ს აცნობა, რომ ინტერნეტს ახალი ამბებისთვის იყენებდნენ. ამჟამად, აღნიშნული რიცხვი 66%-ს შეადგენს და შვიდიდან ერთი (14%) ბრიტანელი ზრდასრული ახალ ამბებს მხოლოდ ონლაინ ეცნობა.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ Facebook უკვე BBC-სა და ITV-ის შემდეგ, ახალი ამბების მესამე ყველაზე პოპულარული წყარო გახდა დიდ ბრიტანეთში, ხოლო მოზარდებს შორის, Instagram, TikTok და YouTube ლიდერობენ.
წყარო: www.broadbandtvnews.com
სტატია – https://www.broadbandtvnews.com/2022/11/16/ofcom-sounds-online-news-gatekeeper-warning/?fbclid=IwAR0yxkd25Q7iYUxJCrUZiwrdICjF5U9avBnpASAyLF6Ur-YAh-oK-6VQwiU