ნიკოლოზ სამხარაძე – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ 480 დეპუტატიდან მინიმუმ 450-ს წაკითხული არ აქვს და წარმოდგენაც არ აქვს, რა რეზოლუციას აძლევს ხმას
გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ 480-მდე დეპუტატმა, რომელმაც ხმა მისცა ამ რეზოლუციას, მინიმუმ 450-ს წაკითხულიც არ აქვს და წარმოდგენაც არ აქვს რა რეზოლუციას აძლევს ხმას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„როდესაც თემა გაინტერესებს, როდესაც გინდა აზრი გამოთქვა ან ახალი ინფორმაცია მიიღო, ამ შემთხვევაში მონაწილეობ პარლამენტის იმ სხდომაში, სადაც ეს საკითხი იხილება. ვხედავთ, რომ ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი იღებს დებატებში მონაწილეობას და ამ ჯერზე, თუ არ ვცდები 10-ზე ნაკლები ევროპარლამენტარი ესწრებოდა ამ განხილვას.
ჩვენდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, რასა იუკნევიჩიენე არის მომხსენებელი საქართველოზე და შესაბამისად მისი ინიციატივით ხდება დებატების დანიშვნა. ის, როგორც ერთი მსახიობის თეატრი წარმოადგენს თავის ნააზრევს და შემდეგ რამდენიმე ევროპარლამენტარი ცდილობს მიუთითოს იმ სისულელეებზე, რაც იქ წერია. საბოლოო ჯამში ეს აჩვენებს ინტერესის არარსებობას ევროპარლამენტის მხრიდან, რადგან ცარიელ დარბაზში საკითხის განხილვა ნიშნავს, რომ ამ საკითხზე ინტერესი არ არსებობს.
რაც შეეხება კენჭისყრას – ნებისმიერ პარლამენტში ასე ხდება, რომ კენჭისყრაზე ხდება მობილიზება პარტიული ნიშნით. შესაბამისად, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ 480-ამდე დეპუტატმა, რომელმაც ხმა მისცა ამ რეზოლუციას, მინიმუმ 450-ს წაკითხულიც არ აქვს და წარმოდგენაც არ აქვს რა რეზოლუციას აძლევს ხმას. მე პირადად მქონია ვიღაცებთან ამ თემაზე საუბარი და უთქვამთ, რომ არ იცოდნენ რომ ის ეწერა რეზოლუციაში. სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში ხვდება უტიფარი ტყუილები, როგორიც არის მზია ამაღლობელის ცემა, მანამდე იყო სააკაშვილის მკვლელობა და ა.შ. ყველა ამ სისულელეს ჰყავს ერთი ავტორი – რასა იუკნევიჩიენე“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.