ყაზახეთში არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფი ვახტანგ მაისაია: ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნებმა წყნარ და პოლიტიკურად სტაბილურ ვითარებაში ჩაიარა

პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ყაზახეთში ვადამდელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა წყნარ, პოლიტიკურად სტაბილურ და ტრანსფარენტულ ვითარებაში ჩაიარა. ამის შესახებ პოლიტოლოგმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მაისაია ყაზახეთში არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.

„მე არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ მხრიდან ოფიციალურად საერთაშორისო დამკვირვებელი ვიყავი. საქართველოდან მხოლოდ ორი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, მეორე პიროვნება იყო ბატონი ბადრი ნაჭყებია, ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც ამ შემთხვევაში ყაზახეთში მასმედიის კუთხით იმყოფებოდა და არჩევნებს აშუქებდა. არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა სარეკორდო მაჩვენებელს შეადგენდა – 641 ადამიანი იყო. ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები იყვნენ: ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია, „ისლამური თანამშრომლობის კონფერენციის“ სადამკვირვებლო მისია, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“, დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის მისიები, ასევე კანადის პარლამენტის, დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები.
ყაზახეთის რესპუბლიკის ფარგლებში, 10 000 საარჩევნო უბანი იყო შექმნილი.  ჯამურად, ამ არჩევნებმა საკმაოდ წყნარ, პოლიტიკურად სტაბილურ, ტრანსფარენტულ ვითარებაში ჩაიარა. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ სხვა ვერაფერი მონახა და მხოლოდ ის დააფიქსირა, რომ კანდიდატებს შორის სრულმასშტაბიანი კონკურენცია არ იყო.

იმას, რომ დათვლის პროცესი არატრანსფარენტულ ვითარებაში ჩატარდა, არ ვეთანხმები. პროცესს ასტანაში მდებარე N111 საარჩევნო ოლქი პირობებში თავადაც დავესწარი, იქ 2 597 ამომრჩეველი იყო მიწერილი. ამ ოლქში საღამოს 20:00 საათზე, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურა, დათვლის პროცესს ვესწრებოდი. ალბათ, ცენტრალური აზიის ქვეყნების მაგალითზე პირველად, დათვლის პროცესს თურქეთის სახელმწიფო ტელევიზია, ასტანის ტელევიზია, აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზია და სხვა ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ. ეს ყველაფერი ძალიან მაღალი ტრანსფარენტულობის დონეზე იყო. ასევე იყო სხვა საარჩევნო უბნებზეც. მე ვიტყოდი რომ დათვლის პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო. ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს პრაქტიკა გადმოიღოს, როდესაც მასმედიის წარმომადგენლები დათვლის პროცესს უშუალოდ საარჩევნო უბნებზე ესწრებიან.

სასურველია, ეს საოლქო საარჩევნო უბნებზეც გავრცელდეს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო ტექნოლოგია, რომელიც ჩვენს პირობებში უნდა გადმოვიღოთ. აღნიშნული დემოკრატიულობის და ტრანსფარენტულობის დონეს ზრდის. ასევე, ნოვაცია იყო ის გარემოება, რომ სპეციალურად შშმ პირებისთვის ცალკე კამერები იყო. ასევე, საინტერესო მომენტი იყო ის, რომ ბიულეტენში 6 კანდიდატის გრაფასთან ერთად, მე- 7 გრაფაც იყო – ყველას წინააღმდეგ. ესეც ძალიან საინტერესო მოვლენაა. ამ გრაფაში ხმა 400 000- მა ადამიანმა მისცა. გადახაზული გრაფები ბათილდებოდა. ყაზახეთში ამომრჩევლის სტატუსი 11 მილიონ ადამიანს ჰქონდა, აქედან არჩევნებზე 8 მილიონი ადამიანი მივიდა, ანუ დაახლოებით 69, 1 %. მოქმედ პრეზიდენტს, ქასიმ ტოყაევს ხმა, დაახლოებით, 6 მილიონმა ადამიანმა მისცა, რაც 81 %-ს შეადგენდა.
არჩევნებში ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ტოყაევმა გაიმარჯვა, რომელსაც, სხვათა შორის, რამდენიმე ოპოზიციური პარტია უჭერდა მხარს. ეს გასაგებია, რადგან დღეს ყაზახეთი საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური რეფორმების ტრანსფორმაციის პირობებშია“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

მისივე თქმით, ყაზახეთმა დასავლური, დემოკრატიული განვითარების მოდელი აირჩია.

„ქვეყანა მკაცრი საპრეზიდენტო მმართველობიდან ნახევრად საპარლამენტო, ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე გადადის. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი მხოლოდ 1 ვადით, 7 წლის განმავლობაში ირჩევა. მას მეორეჯერ არჩევის უფლება არ აქვს. პარლამენტს პოლიტიკური მართვის განხორციელების მიმართულებით საკმაოდ დიდი უფლებები აქვს მინიჭებული. ყაზახეთმა ცენტრალური აზიის ქვეყნებში პირველმა სიკვდილით დასჯა გააუქმა. საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური რეფორმები დაიწყო. ყაზახეთმა დასავლური, დემოკრატიული განვითარების მოდელი აირჩია. ქვეყანა ყველა მიმართულებით თანამშრომლობს, მათ შორის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართულებით“, – განაცხადა მაისაიამ.

ყაზახეთში საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოქმედმა ლიდერმა, ქასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მოიპოვა.

როგორც რესპუბლიკის ცესკო-ს თავმჯდომარემ, ნურლან აბდიროვმა განაცხადა, ტოყაევმა ხმების 81,31% მიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ჟიგული დაირაბაევი – 3,42%-ით, საზოგადო მოღვაწე – კარაკატ აბდენმა 2,6 პროცენტი მიიღო, ხოლო ეკონომისტმა, მეირამ კაჟიკენმა – 2,53 პროცენტი.

ცესკო-ში აცხადებენ, რომ აქტივობამ 69,44 % შეადგინა.

ყახაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ტოყაევმა 1-ელ სექტემბერს გამოაცხადა. გარდა ამისა, დაგეგმილია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის პირველ ნახევარში.

წლევანდელი საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეიზღუდა. სხვა შეზღუდვებთან ერთად, ახალი რედაქციით, პირს ამ პოსტის დაკავება მხოლოდ ერთი – შვიდწლიანი ვადით შეეძლება.

ქასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობა 2019 წელს დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები