ცნობილი მეცნიერი და მთარგმნელი – ზურაბ კიკნაძე გარდაიცვალა
89 წლის ასაკში გარდაიცვალა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მთარგმნელი ზურაბ კიკნაძე.
ქართველი ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი, ილიას უნივერსიტეტის ემერიტუსი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი.
მისი საკვლევი სფერო იყო შუამდინარეთის ლიტერატურა, მითოლოგია, რელიგია, ასევე – ქართული მწერლობა, ფოლკლორი, მითოლოგია, ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა.
ზურაბ კიკნაძემ თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა „ბიბლია“. მას ეკუთვნის „გილგამეშიანის“ პირველი თარგმანი ქართულ ენაზე, რომელიც 1963 წელს გამოიცა. 1975 წელს კი თამაზ ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის „ოდისეა“, რომლისთვისაც (თ. ჩხენკელთან ერთად) 1978 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია.
იყო თბილისის უნივერსიტეტის სახელობის პრემიის ლაურეატი (1986 წ.), მიენიჭა სახელმწიფო პრემია (2005 წ.), ავტორთა ჯგუფთან ერთად, პუბლიცისტიკის დარგში წიგნისათვის – „საყმაწვილო მითოლოგიური ლექსიკონი“. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის მედალი (2006 წ.).