პროკურორი: მოთხოვნილია პატიმრობის გამოყენება ბრალდებულების – ელისო კილაძის, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი და დავით მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ

მოთხოვნილია აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის, პატიმრობის გამოყენება ბრალდებულების: ელისო კილაძის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის, გიორგი და დავით მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე, გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთ-მტკიცებულებები, ადასტურებს თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს.

„ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ თითოეულ მათგანთან მიმართებით არსებობს პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები, რაც პროცესზე დასაბუთებული იქნება ბრალდების მხარის მიერ.

ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია ათობით პირი, ასევე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედება, როგორიცაა ამოღება, გამოთხოვა, ჩხრეკა და ა.შ. როგორც მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომელიც არის პირდაპირი ხასიათის, ასევე გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთ-მტკიცებულებები – ეს ყველაფერი ადასტურებს თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს.

აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ბრალდება არ ეყრდნობა მხოლოდ გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია შემდგომ სრულ თანხმობაში მოვიდა გამოთხოვილ ინფორმაციასთან. მოწმეები უთითებენ მათ შორის ელისო კილაძის მიერ რა თანხა იქნა აღებული მისი როლის ფარგლებში ორგანიზებული ჯგუფის საქმიანობისას, ხოლო შემდგომში უკვე გამოთხოვილი იქნა ორგანიზებული ჯგუფის კომპიუტერული მოწყობილობიდან ინფორმაცია, სადაც თაღლითური ქოლცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და შემოსავალი დეტალურად იყო გაწერილი“, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ „ქოლცენტრების“ მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა.

ორგანიზებული ჯგუფის წევრები უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას დაეუფლნენ.

ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, ელისო კილაძეს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები