შოთა ბერეკაშვილი: საკვები პროდუქტის მწარმოებელი 31 კომპანია შევისწავლეთ და ვერ ვნახეთ განსაკუთრებულად მაღალი მოგების მარჟები – იკვეთება ბაზარზე შესვლის ბარიერები, ზედა ზღვარზე მყოფ სუბიექტს გააჩნია გადაჭარბებული უფლებები

ჯაჭვში ზედა ზღვარზე მყოფ სუბიექტს გააჩნია გადაჭარბებული უფლებები და არის შემთხვევები, როდესაც ის ბოროტად იყენებს მას. ეს იწვევს წარმოების ნაწილში საოპერაციო ხარჯების ზრდას და მწარმოებელს უძვირდება პროდუქციის თვითღირებულება, – ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ბარიერებს, რომელსაც მწარმოებლები აწყდებიან საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისთვის, ქსელური მარკეტები ქმნიან.

„ჩვენ გვაქვს ასეთი განზომილება, ერთი მხრივ, საცალო ქსელის ბევრი ოპერატორი გვყავს და თავიდან, რომ შევხედოთ პირველადად ბაზარს ვიფიქრებთ, რომ კონკურენცია ჯანსაღია. თუმცა კონკურენცია არსებობს ჰორიზონტალურ ნაწილში, მაგრამ ვერტიკალურ ჯაჭვში, როდესაც ჩვენ ჩავყვებით ურთიერთობებს საცალო ქსელს, დისტრიბუტორსა და მწარმოებელს შორის, აქ ძალიან ასიმეტრიული ურთიერთობაა. ეს ნიშნავს, რომ ჯაჭვში, ზედა ზღვარზე მყოფ სუბიექტს გააჩნია გადაჭარბებული უფლებები და არის შემთხვევები, როდესაც ის ბოროტად იყენებს მას იმიტომ, რომ მაქსიმალურად საუკეთესო პირობები მიიღოს მწარმოებლისგან. ეს ბუნებრივად იწვევს წარმოების ნაწილში საოპერაციო ხარჯების ზრდას, განსაკუთრებით მარკეტინგის და რეალიზაციის ნაწილში. როდესაც ადგილობრივ მწარმოებელს სჭირდება საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, ის იძულებულია გადაიხადოს ბაზარზე შესვლის საფასური, გადაიხადოს თაროს საფასური, გადაიხადოს ე.წ. ქეშბექის პრაქტიკა. და ასეთი ურთიერთობის მექანიზმი ძალიან არათანაბარ პირობებში აყენებს ჩვენს მწარმოებლებს და მას ბუნებრივად უძვირდება პროდუქციის თვითღირებულება“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, ადგილობრივი მწარმოებლები განიცდიან მნიშვნელოვან ფინანსურ წნეხს და ხარჯი აქვთ ძალიან დიდი, რაც აწვება პროდუქციის ღირებულებას.

„ჩვენ 31 ადგილობრივი კომპანია შევისწავლეთ, საკვები პროდუქტის სხვადასხვა მწარმოებელი და ვერ ვნახეთ განსაკუთრებულად მაღალი მოგების მარჟები. ჩემში დიდ გაოცება გამოიწვია იმან, რომ მათ არ იციან თავიანთი სასაქონლო ბრუნვა – პროდუქცია, რამდენი იყიდება. რასაც ქსელი ეტყვის, ის არის მათთვის მოცემულობა. ეს ქმნის არაგამჭვირვალე ურთიერთობებს. ამიტომ კონკურენციისთვის აუცილებელია, რომ ურთიერთობები იყოს პროგნოზირებადი, გამჭვირვალე და ბაზრის მონაწილეებს ჰქონდეთ თანაბარი უფლებები ბაზარზე შესვლაზე. აქ იკვეთება ბაზარზე შესვლის ბარიერები და ეს კონკრეტულ სუბიექტებს, რომლებიც ჯაჭვის ზედა რგოლში არიან, განსაკუთრებულ უფლებებს ანიჭებს“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები