თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამის შესახებ საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
მისი თქმით, ბრალდების მხარემ შუამდგომლობაში მიუთითა, რომ არსებობდა მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
„სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. ექვსივე ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. ელისო კილაძე და გიორგი მიქაძე არ არიან მიმალულები, შესაბამისად ისინი განთავსდებიან პენიტენციურ დაწესებულებაში.
ბრალდების მხარემ ექვსივე ბრალდებულთან მიმართებით დაასაბუთა აღკვეთის ღონისძიების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძველი. კერძოდ, ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა, რაც სასამართლომ გაიზიარა“, – განაცხადა პროკურორმა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო დღეს განიხილავდა ოთარ ფარცხალაძის, დავით და გიორგი მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძისა და გიორგი კამლაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხს, რომელთაგან ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება და შესაბამისად, მათ პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.