“მთავრობიდან შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც ყველა წამალზე ფასების ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს, ეს არის სრული უგუნურება” – რომან გოცირიძე
„პარლამენტში მთავრობიდან შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც უკლებლივ ყველა დასახელების წამალზე ფასების ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს. ეს არის სრული უგუნურება,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ეს პროცესი კრახით დამთავრდება.
“ეს პროცესი დამთავრდება კრახით, ისევე როგორც რეცეპტების ისტორია, ვინაიდან ათასობით დასახელების მედიკამენტზე ფასების კონტროლი შეუძლებელია. ეს ავანტიურა გამოიწვევს წამლების ხარისხის გაუარესებას, მის დეფიციტს, ჩრდილოვანი ბრუნვის წარმოშობას, ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების ვარდნას.
ფიქსირებული ფასების შემოღების მოტივი არის წამლებზე ხელმისაწვდომობის ზრდა დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისათვის, სინამდვილეში კი ეს არის მხარდაჭერა მდიდრებისათვის ბიზნესისა და ბიუჯეტის ხარჯზე.
ქვეყანა ბრუნდება ოცდაათი წლით უკან. ეს კანონი გასაუქმებელი გახდება, მაგრამ სანამ ეს მოხდება, თავის მავნე და შეიძლება გამოუსწორებელ ზემოქმედების მოხდენას მოასწრებს.
ფასების კონტროლს სჭირდება ან საბჭოური ტიპის რეპრესიული აპარატი, ან დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში სოციალისტური გავლენით ათეული წლების განმავლობაში ფორმირებული კონტროლის მექანიზმები. ჩვენთან პირველი შეუძლებელია, მეორე კი მიუღწეველია ბევრ გარემოებათა გამო. ქვეყანაში ამჟამად მოქმედი საბაზრო მექანიზმი არის საუკეთესო და ამ სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესება ანტიმონოპოლიური ბერკეტებითაც იყო შესაძლებელი.
ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა საბაზრო ეკონომიკის ისეთი ფუნდამენტსაც მისწვდა, როგორიც თავისუფალი ფასწარმოქმნაა“,- წერს რომან გოცირიძე.