ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ გრძელდება

რეგიონების კვირეულის ფარგლებში, რომელიც ორბელიანების სასახლეში გუშინ ,,სვანეთის დღეებით“ გაიხსნა, რამდენიმე პანელური დისკუსია ჩატარდა, რომელიც რეგიონის განვითარების საკითხებს უკავშირდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით ორბელიანების სასახლეში გაიმართა პანელური დისკუსიები სვანეთის თვითმმართველობის, ენერგეტიკის, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

,,რეგიონების კვირეული“ პრეზიდენტის ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე. ინიციატივის ფარგლებში, პირველად საქართველოს პრეზიდენტის სასახლის სივრცე მთლიანად დაეთმობა საქართველოს ყველა რეგიონს, რომელსაც შესაძლებლობა მიეცემა წარმოადგინოს საკუთრი თავი, საქმიანობა და მიღწევები.

ორბელიანების სასახლეში დღეს სვანეთიდან ჩამოსულმა მზარეულებმა შეფმზარეულებისა და სტუდენტებისათვის სვანური სამზარეულოს მასტერკლასი ჩაატარეს და ადგილობრივი ტრადიციული კერძების მომზადების სპეციფიკაზე ისაუბრეს.

დღესვე ,,სვანური დღეების“ ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის მოძრაობის თეატრის სპექტაკლი ,,ბეთქილი“ გაიმართება.

სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

ხვალ, 23 ნოემბერს კი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის სვანეთის ისტორიის შესახებ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული ფოტომასალის გამოფენა შედგება. გამოიფინება ექვთიმე თაყაიშვილის სვანური ექსპედიციის ფოტოები და ბესარიონ ნიჟარაძის საარქივო მასალის ნაწილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები