საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონის მიღებით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები შესრულდება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო შესყიდვების შესახებ” კანონპროექტზე იმსჯელა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის განმარტებით, ახალი კანონპროექტით კარდინალურ რეფორმირებას განიცდის მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები და შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი.

„ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული კანონპროექტი ყოფილიყო დაფუძნებული ერთიან ხედვაზე, სისტემურ და კომპლექსურ მიდგომაზე, მასში მოქცეულიყო, როგორც საჯარო შესყიდვების ზოგად სამართლებრივი, ორგანიზაციული და ეკონომიკური პრინციპები, საჯარო შესყიდვის პროცედურები და ინსტრუმენტები, საჯარო შესყიდვებთან და საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს უფლებამოსილება და დავების განხილვის წესი, ასევე, საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი დებულებები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებით, აგრეთვე, საჯარო შესყიდვების სფეროში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული რიგი დებულებებისა”,- განაცხადა ლევან რაზმაძემ.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად სრულყოფილად შესრულდება ასოცირების შეთანხმებითა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) ნაკისრი ვალდებულებები საჯარო შესყიდვების სფეროში. კანონპროექტის მიღება ასევე ხელს შეუწყობს UK და EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები