ირაკლი ღარიბაშვილი: გარდა იმისა, რომ შევძელით და თავიდან ავირიდეთ მტრული, ბინძური პროვოკაციები, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა ქვეყნის განადგურების მიზანს, ჩვენ მოვახერხეთ, რომ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა

გარდა იმისა, რომ შევძელით და თავიდან ავირიდეთ ის მტრული, ბინძური პროვოკაციები, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა ქვეყნის განადგურების მიზანს და მთავარი განზრახვა სწორედ ამაში იყო, ჩვენ მოვახერხეთ, რომ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად სპეკულირებენ იმით, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა თითქოს ომით არის გამოწვეული, რაც ასე არ არის.

„გარდა იმისა, რომ შევძელით და თავიდან ავირიდეთ ის მტრული, ბინძური პროვოკაციები, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა ქვეყნის განადგურების მიზანს და მთავარი განზრახვა სწორედ ამაში იყო, ჩვენ მოვახერხეთ, რომ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა. მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის განვმარტო, თუ რას ნიშნავს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
მუდმივად აპელირებენ და სპეკულირებენ იმით, რომ თითქოს ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის გამოწვეული ომით და ჩვენ ვსარგებლობთ და მხოლოდ ეს ფაქტორი არის განმაპირობებელი დღევანდელი კარგი ეკონომიკური მდგომარეობის. ეს ასე არ არის მეგობრებო. მინდა პირველ რიგში შეგახსენოთ ყველას, რომ შარშან თებერვალში, როცა მე გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ ჩვენ საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია, რისკიანიც ხშირ შემთხვევაში, მაგრამ კარგად გააზრებული ვიცოდით, რას რა მოჰყვებოდა.
საბედნიეროდ, ჩვენმა გათვლებმა გაამართლა და შარშან წელი დავხურეთ 10,5% ეკონომიკური ზრდით, რამაც მოგვცა საშუალება, რომ გაგვეზარდა პენსიები, ხელფასები, ჩაგვედო მეტი თანხები ინფრასტრუქტურაში და ა.შ. წელსაც, მიუხედავად ამ ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, ამ ადამიანებს უბრალოდ, არ ესმით, ან კარგად სმით და ეს კიდევ უფრო მეტი დანაშაულია. ასეთი გამოწვევა არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის დასრულების შემდეგ. მსოფლიო დგას ბირთვული ომის საშიშროების წინაშეც კი დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა, რაც ყოვლად დაუშვებელია და ჩვენ ეს კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რამხელა საფრთხეები და რამხელა რისკები ახლავს ამ ყველაფერს. უკრაინის ტერიტორიის 20% დღეს პოლიგონად არის გადაქცეული. კარგად ვხედავთ, რაც ხდება. ამ ომის გამჩერებელი არავინ არის.
ასეთ ვითარებაში უპასუხისმგებლო ქმედება არის ღალატის ტოლფასი, ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან. შეხედეთ ევროპის სახელმწიფოებს, ნატოს წევრ სახელმწიფოებს, როგორ მოქმედებენ – ჯერ იცავენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და შემდეგ სხვა ქვეყნებს უზიარებენ საკუთარ რესურსებს თუ სხვა დახმარებას. კიდევ ერთხელ მინდა ვცადო და მოგიწოდოთ – ოპოზიციას მივმართავ – ჩვენ თუ არ ვისწავლეთ ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვა, გვეყო, რაც დამანგრეველი, კატასტროფული შეცდომები დავუშვით მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები