„როდესაც ხატვას ვიწყებ, ყოველთვის მოდილიანის სიტყვები მახსენდება“- 11 წლის მხატვარი, პირველი პერსონალური გამოფენის განცდით

ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში, 20 ნოემბერს, 14:00 საათზე, 11 წლის თვითნასწავლი მხატვრის, ნენე ბუმბეიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
გამოფენამდე დავუკავშირდით პატარა მხატვარს და კატეგორია „პერსონისთვის“ მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

– ნენე, გაგვაცანით ჯახი, მშობლები… ბავშვობის ადრეული წლების მოგონებები…
– მყავს დედა – თეკლა ბაბუნაშვილი, რომელიც  ფილოლოგია და მოღვაწეობს კულტურის სფეროში. მამა, ლაშა ბუმბეიშვილი, ყოფილი ფეხბურთელი, ტრენერი და ფიზიკური აღზრდის სპეციალისტია. მყავს, ასევე, პატარა და ნიცა, რომელიც მღერის ძალიან კარგად.
ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში, როგორც ამბობენ ოჯახის წევრები, მქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება ნახატებისა და ფერების მიმართ.
– როდის დაიწყეთ ხატვა? პირველი ნამუშევრები…
– ბუნებრივია, არ მახსოვს, მაგრამ მშობლების გადმოცემით ვიცი, რომ პირველი ნახატი დავხატე 2 წლის ასაკში და ამ მოვლენას დღემდე დიდი სიყვარულით იხსენებენ ჩვენს ოჯახში.
– რომელი მხატვრები გიყვართ?
– თვითნასწავლი ვარ ამ ეტაპზე, თუმცა ეს საქმე ჩემთვის ჰობი არ არის და სამომავლოდ ვაპირებ, სერიოზულად განვავითარო პროფესიონალების დახმარებით. ჩემი საყვარელი მხატვრებიდან, უდავოდ პირველს აღვნიშნავდი – ფიროსმანს, ასევე, ჩემთვის მოდილიანი შეუდარებელი, ამოუცნობი და საინტერესოა როგორც მისი ნამუშევრებით, ასევე – მისი ცხოვრებით.

პირველი ნახატი საყვარელი მულტფილმიდან – „გოჭი პეპა“

–  ჯერ 11 წლის ხართ… ყველაზე  მეტად რისი დახატვა გიყვართ?
– ჩემი ხატვის ძირითადი თემა ყოველთვის პორტრეტებია. ყველაზე კარგად აქ გადმოვცემ ჩემს განწყობას. რთულია ადამიანის ემოციის აღბეჭდვა, განსაკუთრებით რთულია თვალების დახატვა. როდესაც ხატვას ვიწყებ, ყოველთვის მოდილიანის სიტყვები მახსენდება, რომელიც ჟანას უთხრა: შენს თვალებს მაშინ დავხატავ, როდესაც შენს სულს შევიცნობო.
– როგორ ემზადებით გამოფენისთვის, რომელიც ორ დღეში უნდა გაიმართოს? რა განცდა გაქვთ?
– ეს არის ჩემი პირველი გამოფენა, თავს უცნაურად ვგრძნობ, ვღელავ. ჩემთვის დიდი აუდიტორიის წინაშე ჩემი ნახატების გამოფენა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა.
– ვიცი, რომ „მონათესავე სულები“ გეძვირფასებათ…
– ზოგადად ყველა ნამუშევარს თავისი პატარა ან დიდი ისტორია აქვს. ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნახატია – „მონათესავე სულები“, რომელიც ჩემი მშობლების ქორწინების 12 წლის იუბილეს აღსანიშნავად დავხატე.
ჩემთვის ამ ნახატის შექმნის მუზა იყო მშობლების სიყვარულით სავსე მზერა. მთელი ბავშვობა ვხედავდი, როგორი ერთსულოვნება ჰქონდათ. მეც გადავწყვიტე, საერთო თვალით, საერთო ხედვით დამეხატა ისინი.

„მონათესავე სულები“

– ფიროსმანი გიყვართ…
– ფიროსმანის ყველა ნამუშევარი ჩემში აღტაცებას იწვევს. გავბედე და დავხატე „მეთევზე“, ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მომწონს.
– თქვენი პორტრეტები საფიქრალს გვიტოვებს… ორიგინალური ხედვა გამორჩევს… რა დატვირთვა ენიჭება ფერებს?
– ფერები ჩემი შინაგანი სამყაროა, ჩემი განწყობა, განცდები, ფიქრები, ოცნებები.
–  ჰობი…
– ჩემი ჰობია სიმღერა. ხშირად ვმღერი თავისუფალ დროს.
– როგორ უთავსებთ სწავლას და ხატვას ერთმანეთთან?
– ჩემთვის ეს მარტივია, რადგან სწავლას თავისი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში, ხოლო ხატვა არის თავისუფალი დროის საინტერესოდ და სასიამოვნოდ გატარება.
–  ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ვხატავ ჩემს საყვარელ კუთხეს, საქართველოს გულსა და სულს, ადგილს, რომელიც ჩემთვის ამქვეყნად პირველია – ჩემს რაჭას, ჩემს საყვარელ ხვანჭკარას.
–  სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ წინასწარ არაფერს ვგეგმავ, იმედი მაქვს, ჩემს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო და ფერადი დღე იქნება, რომელიც გახდება ჩემი მომავალი ნახატების მუზა.

                                                                                                                                         თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები